მობილურით გაგზავნილი SMS-ები ცენზურას გაივლის

14,298 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 19 ნოემბერი - 2012 წლის პირველი იანვრიდან მობილური ტელეფონების მომხმარებლები SMS-შეტყობინებებით უცენზურო სიტყვების გაგზავნას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უკვე დაეგზავნა ადგილობრივ ბაზარზე მომუშავე ყველა მობილურ ოპერატორს. გადაწყვეტილებას თან ახლავს დაახლოებით 1,500-მდე სხვადასხვა სიტყვის და ფრაზის სია, რომლებზეც ეს შეზღუდვა გავრცელდება.

სია ლათინური სიმბოლოებითაა შედგენილი და ყოველი სიტყვის ან ფრაზისთვის, ამ სიმბოლოებით გამოსახვის ყველა შესაძლო ვარიანტს მოიცავს. მისი შედგენის პროცესი 5 თვის მანძილზე მიმდინარეობდა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ენათმეცნიერები, სპეციალურად შერჩეული თინეიჯერები და თანამედროვე ქართველი პოეტები. უცენზურო სიტყვების კორპუსის შედგენისას ასევე გამოიყენებოდა „ბალის“ აბონენტთა მიერ 24 საათის მანძილზე გაგზავნილი შეტყობინებების მასივი, რომელსაც კომპანია მაგთიკომი პროექტ SETI@home-ის ინფრასტრუქტურის გამოყენებით 3 თვის მანძილზე აანალიზებდა. საბოლოოდ სია 800-მდე ქართულ, 400-მდე ინგლისურ და 200-მდე რუსულენოვანი ტერმინით დაკომპლექტდა. მათ შორისაა „პენისის“ 40-მდე დასახელება, 90-მდე სიტყვა „გამო-“ პრეფიქსით და ამდენივე ფრაზა „...ხომ არ გაქვს?“ დაბოლოებით.

როგორც ცნობილია, მობილური სერვისის პროვაიდერები ამ სიაში მოხვედრილი სიტყვების შემცველ მესიჯებს ადრესატამდე არ მიიტანენ და დაბლოკავენ. მესიჯის ავტორს კი პასუხად მიუვა ავტომატური შეტყობინება დაბლოკვის შესახებ, გაფრთხილება და საეკლესიო კალენდრის გამოწერის მოკლე ინსტრუქცია. პერიოდულ ანგარიშს, დაბლოკილი მესიჯებისა და მათი ავტორების შესახებ, ოპერატორები შსს-ში ყოველთვიურად წარადგენენ.

ინიციატივის ავტორები განმარტავენ, რომ მსგავსი შეზღუდვების შემოღება საზოგადოების გაზრდილმა აგრესიულობამ, ახალგაზრდობის უზომო ბილწსიტყვაობამ და ე.წ. „სექსტინგმა“ განაპირობა. მარეგულირებელი კომისიის განცხადებით, გარდა კომუნიკაციის მოწესრიგებისა, ეს ინიციატივა სახელმწიფოს ბიუჯეტის შევსებაშიც შეიტანს თავის წვლილს. „მომხმარებლების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, ბუნებრივია, მათი დიდი ნაწილი ცენზურისგან თავის არიდებას სიტყვების მოდიფიცირებით შეეცდება, მობილური ოპერატორები კი, ყოველ ასეთ „გაპარულ“ შეტყობინებაზე ფიქსირებული თანხით დაჯარიმდებიან“, - განაცხადა თავმჯდომარემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

წინასწარი ინფორმაციით, მომავალი წლის ზაფხულიდან მუშაობა დაიწყება ქართული ინტერნეტ-სივრცის უცენზურო სიტყვებისგან დაცვის პროექტზეც. ტექნოლოგიური სირთულეების გადასაჭრელად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სპეციალისტები გაემგზავრებიან ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში, სადაც ადგილობრივ კოლეგებთან ინტენსიურად გაივლიან კონსულტაციებს. ამავე პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ვებსაიტ MyVideo.ge-ს დახურვა და ონლაინ-პოკერის პროგრამებში ჩეთის ფუნქციის აკრძალვა.

კომენტარები