ქართველი ერის ღირსეულ ნაწილს წმინდანად შერაცხავენ

8,672 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, ზეციური საქართველოს ფილიალი, 17 ივლისი - საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდი ახალი ინიციატივით გმოვიდა. დღევანდელი სხდომის დადგენილების მიხედვით იწყება პროცედურები ქართველი ერის ღირსეული ნაწილის წმინდანად შერაცხვის თაობაზე.

მეუფე იობის განცხადებით, თუ ჩვენ გვყავს ასი ათასი მოწამე, რომელიც ჯალალ ად-დინმა აწამა, სააკაშვილის ნაწამები 87%-იც იმსახურებს წმინდანობას.

“ღირსეულ და წმინდანობისათვის შესაფერი ადამიანების სიას შეადგენს კომისია, რომელშიც შევლენ ინტელიგენტები, სასულიერო პირები და ფსიქოლოგიები,” განაცხადა მეუფე იობმა.

ღირსეულობის კრიტერიუმები ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა, კულუარული ინფორმაციის მიხედვით შეირჩევიან ის ადამიანები, რომლებიც მართლმადიდებლობის მხარდამჭერ აქციებზე დადიოდნენ, მრევლის აქტიური წევრები, მარხვაზე მყოფნი, ჩოხოსნები, თავადური გვარის მატარებლები და ა.შ.

სინოდის დადგენილების მიხედვით სულ მალე, საქართველოს ყველა ეკლესიაში გაიხსნება სარეგისტრაციო პუნქტები, სადაც ყველა ადამიანს, რომელსაც პრეტენზია აქვს ღირსეულობასა და წმინდანობაზე საბუთების შეტანა დაევალებათ. საბუთების წარდგენის გარდა, რეგისტრანტმა უნდა აირჩიოს, რისი მფარველი იქნება წმინდანად შერაცხვის შემთხვევაში. სარეგისტრაციო ჯიხური სახელად: “ხიბლი” ყველა ეთნიკურად ქართველისთვის იქნება ღია.

სპეციალური პროცედურების გავლის შემდეგ ყველა წმინდანს გადაეცემა მირონმდინარე მოწმობა, შარავანდედი და მათ სახელზე შექმნილი ლოცვანი.

ჯერ-ჯერობით დაუდგენელია რა ბედი ეწევათ და სად იქნება არაღირსეული, არაქართველი და არაქრისიტიანი მოქალაქების ადგილი წმინდანთა საქართველოში. მამა იობის განცხადებით, ყველაფერი ისევ ისე დარჩება და პრინციპში არც არაფერი შეიცვლება, რადგან ქართველები ისედაც წმინდანები ვართ, უბრალოდ ეკლესია ამას იურიდიულად აღიარებს: “ცვლილებები მხოლოდ საყოფაცხოვრებო დონეზე მოხდება, მაგალითად, ყველას შეეზლება აკურთხოს თავისი მანქანა, სახლი, ეზო, ზღვაზე წასვლა და ა.შ.”

ეკლესიის ამ ინიციატიას, როგორც ყოველთვის, დადებითად შეხვდა საქართველოს მთავრობაც. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ისინიც მოხვდებიან ღირსეულთა სიაში და ამის შემდეგ 40 მილიონს, ჯიპებს და მიწებს პირდაპირ თვითონ დაინაწილებენ. ამავდროულად, მთავრობაში ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი სამუშაო გარემოს გააუმჯობესებს. მაგალითად, კარიკატურისტები ხატმწერებად გადაქცევიან, თვითონ წმინდანები სხვადასხვა საკითხების, მოვლენების, ტრადიციების და ა.შ. მფარველებად მოგვევლინებიან, ხელფასად კი ციურ მანანას მიიღებენ.

საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც სულ მალე მდგრადი გასხივოსნების სამინისტროდ გადაიქცევა, აცხადებს, რომ სულ მალე საქართველო ჯართის ექსპორტიორის როლს წარსულს ჩააბარებს და მადლის ექსპორტიორი გახდება. ასევე მოსალოდნელია ტურიზმის განვითარებაც, რადგან მსოფლიოდან აურაცხელი მომლოცველი მოაწყდება ჩვენს წმინდა მიწას.

კანონიზაციის საორგანიზაციო ნაწილი სულ მალე დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება მომდევნო ეტაპი რეგისტრაცია, ხოლო საბოლოდ პროცესი 2012 წლის 21 დეკემბრის შუაღამემდე დასრულდება.

კომენტარები