Real TV ფორმატს იცვლის

7,099 ნახვა 0 სგ
0 სგ

24 მარტი, თბილისი – გუშინ საღამოს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო, სადაც ასახულია ქურდული გარჩევა, REAL TV–ის ახალი ფორმატის ტიზერი აღმოჩნდა.

http://www.youtube.com/watch?v=kS-Nn3jDOPg

ვიდეოში დავით ქურაზბედიანს, იგივე წრიპას, რამდენიმე ქურდი, მისი აბანოში ვოიაჟის არაქურდულ საქციელად დასახელების შემდეგ, სცემს. ქურდული სამყაროს კორიფე, რამაზ ჯინჭარაძე, მთავარი სპიკერის როლშია და წრიპას ქურდულ სტატუსს უჩერებს. გარჩევის მონაწილეთა ვინაობის გაშიფრვა ოდიოზურად ცნობილი პოეტის, ლეო ნაფტას, ფეისბუქ ვოლზე მოხდა, სადაც მისმა მეგობრებმა ჭაღარა მამაკაცში ტარიელ ფოცხვერია ამოიცნეს, ღიპიან ბიძაში, რომელიც წრიპაზე "პრედმეტს" წევს – მერაბ ჭეიშვილი, ასევე დასახელდა კოსტა ბობოხიძეც – მეტსახელად ძაკუნია, ხოლო მეექვსე პიროვნების ამოცნობა ჯერ–ჯერობით შეუძლებელია. ამ პიროვნების ვინაობის დადგენისათვის REAL TV აწესებს პრიზს, პირველი ადამიანი რომელიც გამოიცნობს, თუ ვინ არის მეექვსე ქურდი, მიიღებს iPad 2–ს (თეთრს, რადგან შავი ქურდულია).

რაც შეეხება ტელევიზიის ფორმატის ცვლილებას, შსს-ს გადაწყვეტილებით, REAL TV–ზე 24 საათის განმავლობაში იქნება გაშვებული ლაივ კამერები ქურდების საკნებიდან და ქართველი მაყურებელი ყველაზე მასშტაბურ რეალითი შოუს იხილავს. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეს შოუ მინიმუმ 15 წლის განმავლობაში იქნება ეთერში.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს დიდი მითქმა–მოთქმა მოჰყვა, რაც თავისთავად მოწმობს მაყურებლების დიდ ინტერესს აღნიშნული შოუს მიმართ. მაგალითად, ზემოთხსენებული ოდიოზური პოეტი და მისი მეგობრები დისკუსიაში ჩაერთნენ, "წრიპას" საქციელი გაარჩიეს და დაადგინეს, რომ ის მართლაც არაქურდულად მოიქცა. შესაბამისად, "წრიპა" ახლა უკვე ინტერნეტ სივრცეშიც არაქურდად მოძრაობს. მისი Facebook ფან–პეიჯის http://facebook.com/cripa.mgelia–ს ადმინისტრატორი იძულებული გახდა cover ფოტოდან ქურდული ვარსკვლავი ჩამოეხსნა და მის მაგივრად ნაკვალევი აეტვირთა, რაც სიმბოლურია და აღნიშნავს იმას, რომ წრიპა, ისევე როგორც სხვა კაი ბიჭები, ქურდულ ნაკვალევს მიყვება.

REAL TV–ს ექსპერტი ქურდულ საკითხებში ზაალ ხეცურიანი ინტერნეტ მომხმარებელს ურჩევს ინციდენტის ბოლომდე ყურების გარეშე მსგავს დასკვნებს ნუ გამოიტანენ, რადგან ჯერ არ არის ცნობილი როგორ დამთავრდა წრიპას კონფლიქტი. "მან შეიძლება ახსნა თავისი საქციელი და ახლა ისევ ქურდად მოძრაობს და ამის გამო ამ ადამიანებს ალბათ პრობლემები შეექმნებათ", – დასძინა მან.

რეალითი შოუ სტარტს 1 აპრილიდან აიღებს და მისი წამყვანი გია ბურჯანაძე იქნება, რადგან მას ლიმონა დევდარიანის როლი აქვს შესრულებული ფილმში "თეთრი ბაირაღები". მაყურებელს შეეძლება ქურდებისთვის დამესიჯება და მათთვის ხმის მიცემა, რის შედეგადაც, შსს გამარჯვებულ ქურდს სასჯელს გაუნახევრებს. გარდა ამისა, ყოველკვირეულად იქნება რუბრიკა "რას გვეტყვი, ძმაო?" რომელშიც ავტორიტეტული ქურდები იმ ადამიანების კითხვებს უპასუხებენ და პრობლემებს მოუგვარებენ, რომლებსაც პატრულის გამოძახება ბოზურ საქციელად მიაჩნიათ. ამ რუბრიკით განსაკუთრებით თსუ–ს თვითმმართველობის წევრები მოიხიბლენ.

შსს განცხადებით ახალ წელს, 26 მაისს, 23 ნოემბერს და ა.შ. შოუში სპეციალურად ჩამოიყვანენ რუს და უკრაინელ ქურდებს, რომლებიც უფასო სხადნიაკებს ჩაატარებენ ქართველი მაყურებლისათვის. პირველი ასეთი სტუმარი საშა ირკუტსკი იქნება, რომელიც პირდაპირ კრესტებიდან ჩამოვა და ქართველ კოლეგებს შეუერთდება. ეს ქურდული ზეიმი პირდაპირ ეთერში რიყეზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე გადაიცემა.

კომენტარები