Photoshop CS6-ის ახალი შესაძლებლობები

13,537 ნახვა 0 სგ
0 სგ

სან ხოსე, აშშ, 25 იანვარი - კომპანია Adobe Systems Incorporated-მა დღეს ოფიციალურად გამოაქვეყნა ახალი ძირითადი ფუნქციების ჩამონათვალი მისი პროგრამული პროდუქტისთვის Photoshop CS6. კომპანიის საქვეყნოდ აღიარებული Creative Suit-ის მეექვსე ვერსიას უამრავი პროფესიონალი მოუთმენლად ელოდება. განახლდება პაკეტში შემავალი ყველა პროგრამა, ახალი ფუნქციები დაემატება ინდუსტრიის ისეთ დე-ფაქტო სტანდარტებს, როგორებიცაა Premiere Pro, After Effects, Illustrator, Flash და სხვა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი სიურპრიზები მაინც Photoshop-ის მომხმარებლებს ელოდებათ.

მიუხედავად CS პაკეტის მრავალფეროვნებისა, Adobe-ის ყველაზე პოპულარული პროგრამული პროდუქტი მაინც Photoshop-ია. მას გამოიყენებენ არა მხოლოდ პროფესიონალურ წარმოებაში, არამედ სამოყვარულო დონეზეც. „ჩვენ გვსურს, რომ ამ ახალი ვერსიით პირველ რიგში ვასიამოვნოთ Photoshop-ის არაპროფესიონალი მომხმარებლები, მივცეთ მათ ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფუნქციების შესასრულებლად კიდევ უფრო მარტივი და სწრაფი ინსტრუმენტები, რათა ამ პროგრამამ დაიბრუნოს თავისი პირვანდელი ფუნქცია და კვლავ გახდეს საოჯახო და პირადი ფოტოების იდეალურამდე მიმყვანი ინსტრუმენტი." - განაცხადა კომპანიის პრეს-სპიკერმა იან რობინსონმა, - "საბოლოოდ ხომ, ადამიანურ ემოციებზე ღირებული არაფერია!"

ჩვენ კი შევეცდებით გაგაცნოთ ის რამდენიმე ძირითადი ფუნქცია, რომელიც Adobe Photoshop CS6-ში ქართველი მომხმარებლებისთვის ყველაზე გამოსადეგი იქნება:

ეფექტი, რომელსაც ყველა ელოდებოდა, ახლა უკვე ფოტოშოპის ნაწილია - Duck Face Tool მომენტალურად გადააქცევს თქვენს ჩვეულებრივ ფოტოს ეროტიულ შედევრად. პარამეტრებში წარმოდგენილი ტუჩების უდიდესი არჩევანი სახის ნებისმიერ ფორმას და კანის ფერს ერგება.

ახალი ინსტრუმენტის Get Yourself Into Trouble Tool გამოყენებას Adobe მხოლოდ გამოცდილ მომხმარებლებს ურჩევს. მისი დახმარებით შესაძლებელია თქვენ თავს ფოტოში ტანსაცმელი შეუცვალოთ, უფრო კონკრეტულად კი - ჩააცვათ „ქართული ოცნების“ შავი მაისური.

ახალი ფილტრი Hardness Level Adjustment ავტომატურად გადააქცევს თქვენს ფოტოს უფრო "მაგარ" ფოტოდ. ფილტრს რამდენიმე რეჟიმი გააჩნია - ობიექტის სქესის და ასაკის მიხედვით, ის რთული ალგორითმის გამოყენებით ამატებს ფონზე სხვადასხვა ხედებს, ნივთებს, საჭიროების შემთხვევაში კორექციას უკეთებს ობიექტის ტანს და ფერთა გამას. ფილტრის განსაკუთრებულად მაღალ რეჟიმში გამოყენებისას, იგი ფოტოს ავტომატურად უმატებს "ოდნოების" ლოგოს.

ფუნჯების სექციის ახალი ინსტრუმენტი Miracle Maker Tool თქვენს ნებისმიერ ფოტოს სასწაულად გადააქცევს. მხოლოდ მაუსის ერთი კლიკით შეძლებთ, რომ თქვენს კამერაზე გამოსახული ჩვეულებრივი ობიექტი აქციოთ ღვთის ნიშნად, პეიზაჟის ფონზე გამოსახოთ ანგელოზი, სული ან თეთრი მტრედი.

ამ და სხვა დაანონსებული სიახლეების გარდა, Adobe გვპირდება, რომ საბოლოო რელიზში პროგრამას კიდევ დაემატება რამდენიმე სიურპრიზი. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მომხმარებელთა უმრავლესობა აღტაცებით შეხვდა ამ სიახლეებს, არსებობენ მათი მოწინააღმდეგეები. მაგალითად, კომპანია facebook აპირებს სასამართლოში უჩივლოს Adobe-ს და წინასწარ აანაზღაურებინოს იმ თანამშრომელთა ფსიქოთერაპიული სეანსების ხარჯები, რომლებიც ფეისბუქის Photos აპლიკაციაზე მუშაობენ.

კომენტარები