ხვალიდან მინისტრების დაყვავების პროგრამა გაეშვება

6,173 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 2 ოქტომბერი - ხვალ, 3 ოქტომბერს, საქართველოს ჟურნალისტთა ქარტიისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. პროგრამა "მოეფერე მინისტრს" ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ჟურნალისტის, ალექსანდრე ელისაშვილის, იდეის მიხედვით შეიქმნა. ელისაშვილის განცხადებით, იდეა, მას, პრემიერთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მოუვიდა და მაშინვე გადაწყვიტა მისთვის ხორცი ჩაესხა.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს მოუწოდა მინისტრების ხასიათს გაფრთხილებოდნენ და მათი შემართება წაეხალისებინათ. "ცოტა უნდა დაუყვავოთ, ცოტა უნდა მოეფეროთ, ცოტა შეაქოთ, აბა ისე სულ რო აკრიტიკებთ, მერე ხასიათი უფუჭდებათ და საქმეს ვეღარ აკეთებენ." - დასძინა პრემიერმა. მისი განცხადებით, სულ ცოტა ხსნის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრს მწვავე დეპრესია ჰქონდა და სწორედ ამიტომ გაჭიანურდა ჯიჰადის ვიდეოების გამოძიება. "ყოველ საღამოს მე და სერგეენკო მივდიოდით, ის ნაყინს და შოკოლადს აჭმევდა კოვზით, ვიდრე მას ჩემს მხარზე ედო თავი და სლუკუნებდა." - განაცხადა ივანიშვილმა.

"მოეფერე მინისტრს" პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სამინისტროებში დაიდგმება სავარძლები, სადაც მინისტრები ყოველი სამუშაო დღის დასაწყისსა და ბოლოს დასხდებიან და მიიღებენ მნახველებს, რომლებსაც ისინი კალთაში ჩაუსხდებიან და მოუყვებიან რა კარგი რაღაცები გააკეთეს ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. თითოეული ვიზიტორი კი ვალდებული იქნება მინისტრებს დაუყვავოს შემდეგი ფრაზებით: "ყოოოოჩაღ!" "ძალიან ნიჭიერი ბიჭი/გოგო ხარ შენ!" და ა.შ. მკაცრად აკრძალულია მინისტრების ამბივალენტურ მდგომარეობაში ჩაგდება, შესაბამისად ვიზიტორებს არ შეეძლებათ მათ დაუსვან შეკითხვა: "ბიძინა უფრო გიყვარს თუ ეკა?" და ა.შ.

პროგრამის გაშვებისთანავე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩაეშვება გადაცემა "წაახალისება კორკოტასთან ერთად." გადაცემაში ალბუს დამბლდორის ფორმაში გამოწყობილი კორკოტა სხვადასხვა ქულებს დაურიგებს მინისტრებს. ბოლოს ქულები შეჯამდება და გამარჯვებულად საქართველო გამოცხადდება.

მინისტრების დაყვავების პროგრამაში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთვება, რომელმაც პირობა დადო, რომ ირაკლი ალასანიას სტამბოლის ქუჩებში აღარ დატოვებს, კუთხეში აღარ დააყენებს და არ დატუქსავს.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე პროგრამას პოზიტიურად აფასებს და თვლის, რომ ეს არის ნაბიჯი დიალოგისკენ!

კომენტარები