სანდრო კვიტაშვილის ბაღის გამგე ჰოსპიტალიზირებულია

6,169 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 3 ოქტომბერი - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფინირებული და დახვეწილი რექტორის გადია საავადმყოფოში გადაიყვანეს. ალექსანდრე კვიტაშვილის ყოფილი ბაღის გამგე მისი აღსაზრდელის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის რექტორმა თავისი ბავშვობის მძიმე პერიოდი გაიხსენა: "როდესაც მე მიმიყვანეს საბავშვო ბაღში და არ მომეწონა ვთქვი ეს და გადამიყვანეს სხვა ბაღში." ჩიტისთვის უცნობია რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა 2 წლის სანდრო კვიტაშვილმა ბაღის არჩევისას და კონკრეტულად რა არ მოეწონა, აღმზრდელის არაკომპეტენტურობა, საბავშვო ლიტერატურაში შესრულებული ილუსტრაცების ხარისხი თუ "ფონდის" ფულის რაოდენობა ან სათამაშოების სტენდთან არსებული არაორგანიზებულობა.

აღმზრდელმა კვიტაშვილს მოუწოდა ტყუილების თქმისგან თავი შეეკავებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქ-ნ.-ი ლამარა მას კუთხეში დაყენებით დაემუქრა. მის ამ განცხადებას მოგვიანებით გამოეხმაურა უნივერსიტეტის თვითმმართველობის ინტელექუალთა ფრთა, კლუბი "თანამეინახე." ახალგაზრდა მომავალმა დეპუტატ-გუბერნატორ-მინისტრებმა ქალბატონი ლამარა კომუნისტურ აზროვნებაში დაადანაშაულეს და მეთოდები დაუწუნეს, შემდეგ სახლში მიუვარდნენ და "მაგრად გაძუყნეს." დაშავებული ქალბატონი ამჟამად ჰოსპიტალშია მოთავსებული და მას კონტრდაზვერვის ოფიცრები ართმევენ ჩვენებას. შესაძლოა მოხუცებულ პედაგოგს რუსეთის აგენტობა დაუდასტურდეს.

ინციდენტს კმაყოფილი სახით და მშვიდი ღიმილით გამოეხმაურა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მელაძე, რომელსაც "მამენტ" ამ საქმეში არაფერი ესაქმება, მაგრამ კულუარული ინფორმაციის მიხედვით, სწორედ მელაძე ხელმძღვანელობს ახალგაზრდა "კაი-ბიჭების" სელექციას მმართველ პარტიაში.

კომენტარები