ხაშურის პოლიციის შენობაში შამანების რაზმებია მობილიზებული

7,860 ნახვა 0 სგ
0 სგ

ხაშური, 2 მარტი – ხაშურის გამჭვირვალე პოლიციის შენობაში ამ წუთებში შამანების, ეგზორცისტების, მკითხავების, თეთრი მაგებისა და სასულიერო პირების რაზმები მუშაობენ. როგორც ჩიტთან საუბარში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, შენობაში ავმა სულებმა დაიდეს ბინა და მათი გამოდევნისთვის შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

“ჩვენ ზუსტად არ ვიცით რომელი კატეგორიის პოლტერგეისტია შენობაში ჩასახლებული და შესაბამისად, არ ვიცოდით რომელი რიტუალით შეიძლებოდა მისი განდევნა, ამიტომ ყველა რელიგიისა და ჯადოსნური ხელობის წარმომადგენელი მოვიწვიეთ.” – განცხადა შსს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ. რიტუალების დაწყებისას სხვადასხვა კონფესიების რელიგიის წარმომადგნელებს შორის უთანხმოებას ჰქონდა ადგილი, თუმცა არასმთავრობო ორგანიზაცია “პროგრესი დღეს – თავისუფლება მერე”–ს წარმომადგენლებმა ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის ხათრით დააშოშმინეს დაპირისპირებული მხარეები.

ჩიტის კორესპონდენტის ინფორმაციით, ამჟამად შენობიდან შემაძრწუნებელი ხმები გამოდის, თუმცა უცნობია ეს ავი სულების “გედის სიმღერაა” თუ მათი გამარჯვების ყიჟინა. ოპერაციის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, შსს–ს წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის ჩამორთმეული ოკულტური ქვების გამოყენებასაც გეგმავენ, რომლებითაც უმწიკვლო ბავშვებს პოლიციის შუშებს ჩაამსხვრევინებენ და ამით ავ სულებს შენობის დატოვებას აიძულებენ.

შეგახსენებთ, რომ რიტუალების ჩატარება ხაშურის პოლიციის შენობაში მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც რამდენიმე დღის წინ ერთ–ერთმა პოლტერგეისტმა სასაუბროდ და ყავის დასალევად მიპატჟებული სოსო ქიმერიძე მესამე სართულიდან გადმოაგდო. პოლიციელები ვარაუდობენ, რომ პოლტერგეისტი ედუარდ შევარდნაძის დროინდელმა გაიშნიკებმა გაისტუმრეს საიქიოში და მას შემდეგ დაიბუდა მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო მისი ამ ქვეყნიური გააქტიურება, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას მოჰყვა. “აი, ასე დაგვაქცია ამ კაცმა” – აცხადებს ქვიშხეთის მცხოვრები თორნიკე მამასახლისი.

ადგილობრივი ექსპერტებისა და პოლიციის თანამშრომლების განცხადებით, გარდაცვლილს ვარდნის პერიოდში კიდევ სამი პოლტერგეისტი მივარდა საწამებლად, რასაც გარდაცვლილის სხეულზე არსებული ჭრილობებიც მოწმობს. შსს–ს წარმომადგნლების განცხადებით, ხაშურის პოლიციის განწმენდის რიტუალის შემდეგ მსგავსი ღონისძიებები ჩატარდება სხვა განყოფილებებში, რათა ასეთი ზებუნებრივი ტრაგედიები სხვა დროს აღარ განმეორდეს.

კომენტარები