ინტერნეტის მოხმარებაზე შეზღუდვები დაწესდება

8,801 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 5 იანვარი, 2012 - საახალწლო უქმეების შემდეგ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან. უკანასკნელი კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ საქართველოში ინტერნეტ-დამოკიდებულება ეპიდემიურ ფსიქიკურ დაავადებად იქცა და ყოველდღიურად ახალ-ახალი ადამიანები ავადდებიან.

თეა გოგოტიშვილის განცხადებით ამ სენის პიკი და ყველაზე ყურადღებამისაქცევი აფეთქება ახალი წლის ღამეს იყო. როდესაც 12:03 წუთზე ქართველი ინტერნეტ მომხმარებლები საქართველოს ბანკის ოფიციალურ გვერდზე ისხდნენ და მათთვის რეიტინგების, აპლიკაციების და თამაშების გასწორებას და გამართვას ითხოვდნენ.

საპატრიარქოს, საქართველოს პრეზიდენტის და ქვეყანაზე მზრუნველი სხვა სტრუქტურებისა და ადამიანების მიერ კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას დაევალა, მოამზადოს კანონ-პროექტი, რომელიც დააწესებს გარკვეულ შეზღუდვებს ინტერნეტის მოხმარებაზე.

კანონის მიღების შემდეგ მისი აღსრულება სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს დაევალება, რადგან ინტერნეტი ოფიციალურად გავა ნარკოტიკების სიაში. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაწესებულ დროს გადააჭარბებს მას დააჯარიმებენ, პირველ ჯერზე ჯარიმის ოდენობა 50 ლარი იქნება, შემდეგზე 300, ხოლო მესამეს შემთხვაში ჯარიმა 1500 ლარი ან 60 დღიანი პატიმრობა იქნება.

პრეცედენტის სახით გამოყენებული იქნება ჩინეთისა და სამხრეთ კორეის მაგალითები. ამ ქვეყნებში მასობრივი ონალინ თამაშები ძალიან გავრცელებულია და ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოთამაშეს 1 კვირა გადაბმულად უთამაშია უჭმელად და კომპიუტერიდან აუდგომლად, რაც ლეტალური შედეგით დასრულებულა. ასეთი შემთხვევების აღმოსაფხვრელად ჩინეთისა და სამხრეთ კორეის პროვაიდერები სპეციალურ მონიტორინგს აწესებდნენ ადამიანებზე და დროის გარკვეულ მონაკვეთებში ინტერნეტს უთიშავნდნენ მათ. სწორედ ამგვარი ზომების მიღებას გეგმავს მარეგულიებელი კომისიაც.

აღნიშნულ ინიციატივას ემხრობა როგორც ხელისუფლება ასევე ქართული გენოფონდის გადასარჩენად მებრძოლი ოპოზიციაც. თუმცა, ჯერ-ჯერობით დაუდგენელია რამდენად ეწინააღმდეგება ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციას და გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციას, რომელთა მიხედვითაც ინფორმაციის შეუფერხებლად მიღება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.

ახალი კანონის ფარგლებში ინტერნეტის შეუზღუდავი მოხმარება მოქალაქეებს მხოლოდ ლაზიკაში შეეძლებათ. ჩვენი ინფორმაციით, ქალაქში, რომელიც ჯერ არ აშენებულა, უკვე დაიწყეს wi-fi გადამცემების დამონტაჟება.

კომენტარები