ინიესტა: "ბატონი ბიძინა მართლაც ძლიერია"

8,885 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 10 სექტემბერი - დღეს საღამოს, ბიძინა ივანიშვილმა თავის რეზიდენციაში ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს უმასპინძლა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები "ქართული ოცნების" ლიდერს მთელი შემადგენლობით ესტუმრენ და მის სამომავლო გეგმებს გაეცნენ.

სახელდახელო სუფრის შემდეგ სტუმრებს მამის მოთხოვნით გაღვიძებულმა ბერამ რამდენიმე სიმღერა შეუსრულა თავისი რეპერტუარიდან.

როგორც ჩიტს ივანიშვილის ახლო წრიდან აცნობეს, იმპროვიზებული კონცერტის მერე შეზარხოშებულმა მილიარდერმა ესპანელები ფეხბურთის სათამაშოდ გამოიწვია. იკერ კასილასის შეთავაზებაზე, "ბატონო ბიძინა, მოდით პენალტები დამირტყითო," ივანიშვილს უარი განუცხადებია და ვიდრე პრემიერობის სხვა კანდიდატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მიმდინარე დებატებში მონაწილეობდნენ, "ოცნების" ლიდერმა კასილასს, პიკეს, ფაბრეგასს, ტორესს, ჩავის და სერხიო რამოსს (სულ 6 ფეხბურთელს) 5:0 მოუგო, მარტომ.

ამავე სანდო წყარომ ჩიტსვე აცნობა, რომ გაკვირვებულ ინიესტას ვინსენტე დელ ბოსკესთვის ჩუმად გადაულაპარაკებია: "ბატონი ბიძინა, მართლაც ძლიერიაო."

კომენტარები