ქართულ ბაზარზე კომპანია "აიფონ+"-ს არსებობის მიუხედავად საქართველოში აპ-დეველოპმენტი ვითარდება. ჩიტი გთავაზობთ 8 აპლიკაციას, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ და აუცილებლად უნდა გქონდეთ თქვენს სმარტფონში.
1. InstaMadli
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდა iOS დეველოპერთა წრე “სამოთხის ვაშლი” ბაზარზე ახალი აპლიკაციით შემოდის. “InstaMadli”-ს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენ მიერ ჩადენილი სიკეთე, დაადოთ ღვთიური ეფექტები და განათავსოთ სპეციალურად შექმნილ მადლიან ფოტო-სოციალურ ქსელში. აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ დააფიქსიროთ მათხოვრისთვის ფულის მიცემა, ფონდ “იავნანას” ყუთში 1 დოლარიანის ჩაგდება, სანთლის დანთება, მამაოსთვის ფულის შეწირვა და სხვა სამადლო საქმენი. “InstaMadli” ინტეგრირებულია სამოთხის ქსელთან და თქვენს მიერ ჩადენილი სამადლო საქმენი პირდაპირ წმინდა პეტრეს iPad-ზე იგზავნება.
2. iJvari
იგივე დეველოპერთა ჯგუფი “სამოთხის ვაშლი” გთავაზობთ ახალ აპლიკაციას iJvari, მარტივი და სადა აპლიკაცია, რომელიც ქრისტიანულ ფერებსა და დიზაინშია გადაწყვეტილი, თქვენს ტელეფონში ინტეგრირებულ საეკლესიო რუკისა და GPS სისტემის საშუალებით ადგენს, ხართ თუ არა ახლოს ეკლესიასთან. ამის შემდეგ, აპლიკაცია თქვენ მაგივრად იწერს პირჯვარს. iJvari იძლევა საშუალებას პირჯვრის გადაწერის 3 რეჟიმი ჩართოთ: ერთხელ გადაწერა, სამჯერ გადაწერა, წინასწარ განსაზღვრული (custom) რაოდენობით გადაწერა.
3. Angry Birds: System
ცნობილი კომპანია “Rovio”-ს საქართველოს ფილიალი პოპულარულ თამაშ Angry Birds-ის ქართულ ადაპტაციას გვთავაზობს. Angry Birds: System-ში კულუტურის ქართველი მოღვაწენი სისტემას ანგრევენ. შურდულზე დამაგრებული ეკო დეისაძე, სერგი გვარჯალაძე, ლეო ნაფტა (რომელიც გასროლისას აცეტონის არაყს ასხამს მოწინააღმდეგეებს) და სხვანი შეგიძლიათ სისტემის კედლებში გამაგრებულ მაღალჩინოსნებსა და გამპრავებლებს დაუპირისპიროთ. თამაშის ბოლო რაუნდი პიტ მონდრიანის ცნობილი ნახატის “Composition II in Red, Blue, and Yellow”–ს არქიტექტურაშია გადაწყვეტილი.
4. “ჯადოსნური ბურთი”
ამერიკული Magic 8 Ball-ის ანალოგიურად ქართველმა დეველოპერებმა “ჯადოსნური ბურთის” აპლიკაცია გააკეთეს. პროგრამა საინტერესო და ინოვაციურია, თუმცა მხოლოდ ერთ შეკითხვაზე შეუძლია პასუხის გაცემა: “მე რა ვქნა? მეეეე?”
5. iBera
“ჯადოსნური ბურთის” კონკურენტი აპლიკაცია გამოუშვა დეველოპერულმა კომპანიამ “Dreamers”. თუმცა ამ აპლიკაციასაც აქვს ნაკლი, ის ყველაფერზე “ლააააა”-ს პასუხობს.
6. “InstaMarxva”
ჩვენს რვეულში კიდევ ერთხელ მოხვდა დეველოპერული სტუდია “სამოთხის ვაშლის” პროდუქცია. ერისათვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო აპლიკაცია “InstaMarxva” აუცილებლად უნდა იყოს თქვენს iPhone-ში. აპლიკაციის გააქტიურების შემდეგ, თქვენი ტელეფონი თქვენ მაგივრად დაიცავს/შეინახავს მარხვას. შესაბამისად, აღარ იქნება საჭირო თავი სამარხვო შაურმებით, ქაბაბებით, ტორტებით და მსგავსი პროდუქტებით იტანჯოთ. ამ აპლიკაციაში დეველოპერების მიერ არამარტო დიდი მარხვები, არამედ ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვებიც არის გათვალისწინებული.
7. iღვედი
აღნიშნული აპლიკაცია კომპანია “წარსულის” მიერ არის შექმნილი და “InstaMarxva”-ს მსგავსად, თქვენ მაგივრად აკეთებს მოქმედებას. “iღვედი” თქვენ მაგივრად გადაიჭერს ღვედს, როდესაც მანქანაში ჩაჯდებით, ხოლო თუ ავარიაში მოყევით - თქვენ მაგივრად დაშავდება ან მოკვდება.
8. iLife
კომპანია “Georgia”-ს შექმნილი აპლიკაცია iLife თქვენ მაგივრად იმუშავებს, იცხოვრებს, გააძნრევს ერთ ადგილს, ჩაერთვება სამოქალაქო და საზოგადოებრივ აქტივობაში, თქვენ მაგივრად ისწავლის, ივარჯიშებს და ზოგადად იცხოვრებს. ამ აპლიკაციით თქვენი ცხოვრება უფრო კომფორტული იქნება, თქვენ უამრავი დრო დაგრჩებათ საწუწუნოდ თემებზე, "ყველა ერთნაირია", "უბრალო კაცისთვის არავინ არაა" და "აბა რა ვქნა?"