არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის ფიზიკური მომზადება სავალდებულო ხდება

5,155 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი, დისპროპორციული 2020

2020 წლის არჩევნების წინ, შესაძლოა, არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას ფიზიკური მომზადების სავალდებულო ნორმატივების ჩაბარება მოუწიოს. 

აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა და ის ფრაქცია “ყველაზე მაჟორიტარებიი”-ს წევრს, დაჩი ბერაიას ეკუთვნის. მისი აზრით, მიმდინარე წელს პოლიტიკაში დიდი ამბებია მოსალოდნელი და ზოგადად, ყველასთვის აჯობებს, თუ პარლამენტში ფიზიკურად მომზადებული დეპუტატები მოხვდებიან. 

“პირველ რიგში, ამით იხეირებს ქართველი ამომრჩეველი, რომელსაც აღარ მოუწევს დაბალი დონის ხელჩართული ჩხუბის ნახვა, პარლამენტი იქნება თუ იგივე საკრებულო ავიღოთ. ჩართავ ტელევიზორს დღეს და რას ხედავ ყველა არხზე? უნიათო ხელის მოქნევა, უხეიროდ გახეთქილი წარბი, გადართავ პარლამენტში გაწიე-გამატარე, გადმორთავ მერიაში, მიდის მართლა სამარცხვინო ჭიდაობა. ამისთვის არ აურჩევიხართ ქართველ ხალხს. ამის ნახვას არ ელოდება თქვენგან ხალხი. ვისაც პარლამენტში გსურთ მოხვედრა - კეთილი ინებეთ და ივარჯიშეთ” - აცხადებს დეპუტატი დაჩი ბერაია. 

ამავე ფრაქციის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, დაჩის ინიციატივა ხელს შეუწყობს არამხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის, არამედ უძველესი ქართული სპორტების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. “აი ამ ჭიდაობას არ გვაპატიებს ქართველი ერი, ჩვენი შვილები და შვილიშვილები არ გვაპატიებენ. ეს, რასაც ჩვენ დღეს საკანონმდებლო ორგანოში ვხედავთ, არამხოლოდ სპორტის ამ სახეობის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის და ისტორიის შეურაცხყოფაა. ეს გგონიათ თქვენ ჭიდაობა? ესაა თქვენი ძიუდო? ამ ბოქსით ვაპირებთ ქვეყნის მშენებლობას?” ამ შეკითხვით დაასრულა თავისი ბრიფინგი დეპუტატმა და დერეფანში მიიმალა. 

ჯერ უცნობია არჩევნებისთვის ჩასაბარებელი ნორმატივების რაოდენობა, აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის კომიტეტი უახლოეს მოსმენაზე იმსჯელებს. 

კომენტარები