შსს-მ Birja Mafia-ს კლიპის მონაწილე სათამაშო ირემი დააკავა

16,178 ნახვა 0 სგ
0 სგ

როგორც იცით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ საღამოს Birja Mafia-ს ორი წევრი,  Young Mic და Kay G დააკავა, რომელთაც, სასწაულებრივად და ქართული პოლიციის საუკეთესო ტრადიციებში, თითო გრამი MDMA აღმოუჩინა. ჰიპ-ჰოპ არტისტებსა და იუმორისტებს 20 წლიდან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

Young Mic-ისა და Kay G-ს მფლობელობაში MDMA მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ-ერთმა ქართველმა პოლიციელმა მათი ახალი კლიპი, "Tsl Shavi Zeda" ნახა და გაღიზიანდა. როგორც მოგეხსენებათ, პოლიციელის გაღიზიანება ერთგვარი ნიშანია სამყაროსთვის, რომელიც გამღიზიანებელთა მფლობელობაში სხვადასხვა უკანონო ნივთიერებებსა და ნივთებს აჩენს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მოწადინებული სამინისტრო აქ არ გაჩერებულა და მათ საზოგადოების, ქვეყნის და რაც მთავარია საკუთარი უსაფრთხოების, ნერვისა და ღირსების დასაცავად კიდევ უფრო ღრმა ნაბიჯი ჩადგეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს პოლიციელებმა ბირჟა მაფიის კლიპის მონაწილე სათამაშო ირემი დააკავეს, რომელსაც ბრალად სათამაშო ჩრდილოეთ პოლუსიდან და სათამაშო ლაპლანდიიდან სათამაშო MDMA-ს სათამაშო სანტა-კლასუსის სათამაშო ეტლით გადმოტანა ედება.

ირმის დაკავების სპეც. ოპერაცია დღეს, კოსტავას ქუჩაზე ჩატარდა. ჩვენ მოვიპოვეთ ექსკლუზიური კადრები, რომელშიც სათამაშო ირემი გამაღიზიანებლად პოზიორობს იტალიურ რესტორან ფიორინოსთან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მოწადინებული სამინისტროს განცხადებით, ირმის იტალიურ რესტორანთან ბირჟაობა და იმ ჯგუფის კლიპში მონაწილეობა, რომელსაც სახელწოდებაში მაფია ურევია, ნათლად ადასტურებს, რომ აღნიშნული სათამაშო არამარტო ლაპლანდიური ნარკო-ტრაფიკის ერთ-ერთი მმართველია, არამედ იტალიურ მაფიასთანაც მჭიდრო კავშირშია და საერთაშორისო კრიმინალური კონგლომერატის სახეა.

"ამ სათამაშო ირმის დაკავებით სამყარო და საქართველო ბევრად უფრო უსაფრთხო გახდა", განაცხადა შინაგან საქმეთა მოწადინებულმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

ჩვენი ინფორმაციით, შსს უკვე დაუკავშირდა ინტერპოლს და ევროპის ყველა ქვეყნის ძალოვან უწყებას და სიამაყით ამცნო, რომ სათამაშო ირემი, რომელიც მსოფლიო კრიმინალური ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო საქართველოში დააკავეს.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სათამაშო ირემი ამჟამად დროებით მოთავსების იზოლატორის ერთ-ერთი კაბინეტის უჯრაში იმყოფება და სასამართლო განაჩენს ელის.

სათამაშო ირემს უვადო პატიმრობა ან სასჯელის უმაღლესი ზომა, პატიოსან ირმად გადადნობა ემუქრება.

კომენტარები