შსს: "შეხედეთ ციხეს, როგორც ნაკრძალს - ჩვენ აქ ქართულ გენს ვინახავთ"

4,159 ნახვა 1 სგ
1 სგ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ერის გენოფონდზე ზრუნვას და კამპანია "სადაა ამდენი დასაკარგი ახალგაზრდა"-ს ფარგლებში ქართულ ციხეებს დაცული ტერიტორიებისა და ნაკრძალების სტატუსს ანიჭებს.

შსს განმარტებით, ერის განვითარებისა და სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის, ჯობია ქართველი ახალგაზრდები 8-დან 20 წლამდე ან სამუდამოდ ასეთ ნაკრძალებში ისხდნენ, ვიდრე მათ მარიხუანა ან რამე სხვა ნარკოტიკი მოიხმარონ, რადგან ციხეებში მათი მოთავსებით ქართული გენის კონსერვაცია ხდება.

"ამ ხალას გოგოებსა და ბიჭებს ჩვენ საუკეთესო პირობებს ვუქმნით განვითარებისთვის. მართალია, გვაკრიტიკებენ, რომ მკვლელებთან და სექსუალურ დამნაშავეებთან ერთად ამ ადამიანების ჩასმა და მძიმე დამნაშავეებთან შედარებით უფრო დიდი სასჯელით მათი დაკავება არასწორია, მაგრამ საზოგადოებას არ ესმის ერთი მარტივი რაღაც. ასეთ პირობებში ქართველი გოგო-ბიჭები უფრო მეტად იღებენ გამოცდილებას და სწავლობენ ცხოვრებას, ვიდრე აქეთ-იქით ბოდიალით," განაცხადა შსს-ს პრეს-სპიკერმა თეა პერტაიამ ჩიტთან საუბარში.

როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, სულ მალე, საქართველოს ხელისუფლება ახალ ტიპის ციხე-ნაკრძალებს ააშენებს, სადაც ნარკოდანაშაულზე დაკავებულ ახალგაზრდებს მინიმუმ 8 წლით განათავსებენ. ამ ციხე-ნაკრძალებში მოთავსებულ ახალგაზრდებს გაძლიერებულად დაიცავენ და სხეულში GPS-ს ჩაუმონტაჟებენ, რათა ერმა თავიდან აიცილოს მათი დაკარგვა.

კომენტარები