7 საქციელი, რომელიც სვანეთში არ უნდა ჩაიდინოთ, თუ არ გინდათ, რომ დაგენძრეთ

31,492 ნახვა 8 სგ
8 სგ

რამდენიმე დღის წინ სვანეთი და მთლიანად მთელი საქართველო აღშფოთდა, იმით, რომ ერთ-ერთმა ტურისტმა სვანეთში არსებულ სასტუმროში, ჩვენი სპეტაკი და გოროზი მთების წინ შიშველი ფოტო გადაიღო.

ცხადია, სვანებმა არ დააყოვნეს და ეს ტუტუცი იპოვეს, კაცურად და ჯიგრულად დაელაპარაკნენ და ვიდეოც ჩაწერეს, სადაც ეს თავხედი ადამიანი ბოდიშს იხდის.

ვიდეოში სვანები მოგვიწოდებენ ასეთი რამე მეორედ არავინ გაბედოთ, თორე დაგენძრევათო.

ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მკითხველზე, ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩამოვწეროთ ის საქციელები, რომლებიც სვანეთში არამც და არამც არ უნდა ჩაიდინოთ, თუ არ გინდათ, რომ დაგენძრეთ.

1. შიშველი ბანაობა

სიშიშვლე არათუ ბუნებაში, თქვენს პირად სივრცეშიც აკრძალულია. სვანეთში ყველა აგურს, ქვას და კედელს სიწმინდისა და ღირსების მეტი არაფერი უნახავს და ამიტომ პატივი ეცით მათ ტრადიციებსა და მიდგომებს. სასტუმროში დარჩენისას, ოჯახში სტუმრობისას თუ მდინარეში ბანაობისას, არამც და არამც არც გაიხადოთ ტანსაცმელი.

ხოლო თუ გინეტალიებს პარკში შეიფუთავთ, რომ წმინდა სვანური წყალი არ წაიბილწოს, ხოლო თქვენი ნაღვანღვალები წყალი მერე ნიადაგში არ გავიდეს, ბევრად უკეთესი იქნება და არათუ გადარჩებით, სვანების პატივისცემასაც დაიმსახურებთ.

2. მოფსმა

არც უნიტაზში, არც ჩეჩმაში, არსად! საერთოდ არ მოფსათ. სვანეთში მოფსმის უფლება მხოლოდ სვანებს აქვთ. თანაც კონკრეტულად გამოყოფილ ადგილებში. თუ ძალიან გეფსიათ ვინმე ადგილობრივს სთხოვეთ დახმარება ან თბილისიდან ატანილ პლასტმასის ბოთლებში მოშარდეთ, რომ მერე თქვენი ბილწი ფიზიოლოგიური სითხე უკან წამოიღოთ.

თუ ტყეში ხართ ან სადმე სასეირნოდ და თავს ვერ იკავებთ, აუცილებელია ისეთი ადგილი იპოვოთ, რომელიც ყველა მხრიდან გეფარებათ და მოფსმის პროცესს ვერც ერთი ხე, ბალახი, ქვა, ფრინველი, მთა და ჰაერის ნაწილაკი ვერ დაინახავს. ანუ მარტივად, რომ ვთქვათ, კიდევ ერთხელ, არ მოფსათ.

3. მოჯმა

აქაც მოფსმის პრინციპია, ოღონდ თუ შარდი შეიძლება გაპატიონ და პროსტა ჯიგრულად დაგელაპარაკონ, კუჭში გასვლის შემთხვევაში, ძალიან მაგრად დაგენძრევათ. მოერიდეთ სვანეთში მოგზაურობას თუ ფაღარათი ხშირად გაწუხებთ. სასურველია თან იქონიოთ პლასტმასის, ჰერმეტულად დალუქვადი კონტეინერები, რომლებშიც უჩუმრად იზამთ თქვენს საქმეს და მერე კონტრაბანდის სახით გამოიტანთ ამ ძირძველი ქართული კუთხიდან. ამ ყველაფერის შემდეგ შეგიძლიათ სადმე კუთხეში დაჯდეთ და იტიროთ.

აქვე უნდა ვახსენოთ გამოწმენდაც, თუ უჩუმრად და კონსპირაციულად მოჯვამთ, ქაღალდებიც დალუქეთ. არც ერთ შემთხვევაში არ დაწვათ, თქვენი მძღნერიანი ქაღალდების კვამლი ამ წმინდა ჰაერში არ უნდა გაერიოს. სვანეთში ჰაერის სენსორები აყენია და მაშინვე განგაშის ზარები ჩამოიკრება.

4. გაკუება

ჰაერის სენსორები ვახსენეთ - ეს სენსორები კუილსა და ცუილზეც მოქმედებენ. ხოლო თუ შუქი არ არის, კოშკებზე განსაკუთრებული ყნოსვით დაჯილდოვებული სვანები დგანან, რომლებიც ისეთი სიზუსტით ადგენენ გამკუებლის ადგილმდებარეობას, რომ ნებისმიერ სანავიგაციო სისტემას შეშურდება. ამიტომ შეიკავეთ - არ შეცდეთ და არც საბნის ქვეშ მიჰქაროთ.

მოერიდეთ ლობიოს და გაზიან სასმელებს.

და რა თქმა უნდა არ დააბოყინოთ.

5. შეყვარებულისთვის კოცნა

ქალი, კაცი, არ აქვს მნიშვნელობა კოცნა არის ზედმეტად სექსუალური და ბილწი საქციელი (ცხადია სექსზე ან მასტურბაციაზე აღარაფერს ვიტყვით, ისედაც ცხადია). მაქსიმუმი რისი უფლებაც გაქვთ, ეს არის ხელიხელჩაკიდებული სიარული, ისიც თუ გოგოს ხელზე ხელთათმანი უკეთია და თქვენი კანები ერთმანეთს არ ეხება. არც ე.წ. საჰარო კოცნა გაუგზავნოთ თქვენს რჩეულს - ჰაერზე მოგახსენეთ უკვე და გასაგებია.

6. უკეთესი კოშკის აგება

თუ შეყვარებულთან ერთად ხართ, ოცნების კოშკებსაც ნუ აუგებთ მათ. არც ლეგოთი ითამაშოთ, არც კარტებით ააწყოთ სახლი, არც კენჭებით და ნამდვილ კოშკებზე ხო საუბარი ზედმეტია. თუ მშენებლობის დაუოკებელი სურვილი გამოძრავებთ, მაშინ რამე სხვა ააშენეთ, მაგალითად აეროპორტი ან დიდი კედელი - წრიულად.

7. სვანი გოგოს მოწონება... არ მოწონება...

ეს გამოუვალი მდგომაროებაა. სვანი გოგო მოგეწონებათ თუ არ მოგეწონებათ ყველა ვარიანტში დაგენძრევათ. აქ 90-იანი წლების ქუჩის კანონები მოქმედებს, სურათს რომ გაჩვენებდნენ და მევასებაო თუ იტყოდი და რო გცემდნენ და პირიქითაც - რას ჰქვია არ გევასებაო.

ამიტომ მოერიდეთ სვან გოგოებს, თვალიც კი არ უნდა მოკრათ, თორემ ეს საკითხი წამოიჭრება, თუ რამეა და მაინც გაგექცათ თვალი ან ვინმე გაგეჩხირათ, სასწრაფოდ ამოითხარეთ ან ენა მოიჭერით. ისინი პასუხს ფიზიკურად ვერ მიიღებენ და შესაბამისად, გადარჩებით.

და ბოლოს, ბონუს რჩევა:

მუდმივად აღნიშნეთ, რომ სვანეთი საუკეთესო კუთხეა

მართკუთხა სამკუთხედი რომ დაგიხაზონ და გკითხონ, რომელი კუთხეა ყველა კარგიო, სვანეთიო უპასუხეთ.

მოკლედ, დაიცავით ეს წესები და იქნებით დაცულები!

კომენტარები