თხილის გულისგან განსხვავებით, 9 მილიონი 9 ძმამ ვერ გაიყო

4,924 ნახვა 1 სგ
1 სგ

მესამე დღეა 9 ძმა, რომელიც 1 თხილის გულის გაყოფით გახდნენ ცნობილები, უშედეგოდ ცდილობენ 9 მილიონის გაყოფას.

თემქაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მესამე დღეა ჩაკეტილები არიან ძმები თხილიგულაშვილები, რომლებმაც საზოგადოებას თავი ექსტრემალურ სიტუაციებში თვითგადარჩენის უნიკალური უნარით, ერთი თხილის გულის 9-ზე გაყოფით, დაამახსოვრეს. ძმები ამჯერად სხვა, უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დადგნენ. მათ თანაბრად და ჩხუბის გარეშე უნდა გაიყონ 9 მილიონი ლარი. 

თვითმხილველების თქმით, რომლებიც კორპუსის წინ მორიგეობენ, ბინიდან მესამე დღეა ხმამაღალი საუბრისა და კამათის ხმა გამოდის. მათივე ინფორმაციით, ძმებთან რამდენიმე ადგილობრივიც იყო შესული, რომლებმაც მოდავე მხარეებს მედიატორობა სრულიად უფასოდ შესთავაზეს. 

"მე ვიყავი შესული და ვუთხარი, რომ 9 მილიონი 9-ზე იყოფა და შეგიძლიათ თითო-თითო მილიონი აიღოთ-თქო. კალკულატორიც შევიტანე და ვაჩვენე, მაგრამ არ სჯერათ", აცხადებს ადგილობრივი ბრძენი ირაკლი გიორგაძე.

თავად ძმები განცხადებას არ აკეთებენ, თუმცა, ჩიტმა მეხუთე ძმის ექსკლუზიური კომენტარი მოიპოვა. მისი თქმით საქმე არითმეტიკაში კი არა, არამედ პრინციპშია. 

"ერთი თხილის გული სხვა თემაა, თხილია რა, რა ჯანდაბად მინდა. 9 მილიონი კიდე 9 მილიონია, ძმაო. ვეუბნები, მომეცით, ჩავდებ ბიზნესში, ყველას დაგასაქმებთ, ყველა ჯიგრულად ვიქნებით. არაო. ყველა თავისას ატრაკებს," აცხადებს მეხუთე ძმა ჩიტთან საუბარში. 

კულუარული ძმური ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, მეოთხე და პირველი ძმები ერთ აზრზე არიან და დანარჩენებს გამოსავალს სთავაზობენ. ისინი ამბობენ, რომ რადგან გაყოფა ვერ ხერხდება, ფული მთლიანად ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს. 

"დავურიგოთ ყველა მეზობელს 5-5 მილიონი!", ამბობენ 4 და 1. 

მათი განცხადება ეჭვს იწვევს სხვა დანარჩენ ძმებში, რადგან მთლიანობაში 9 მილიონი ლარია გასაყოფი და შესაბამისად, ყველა მეზობლისთვის 5-5 მილიონის დარიგება შეუძლებელია. მიუხედავად ამ არითმეტიკული კაზუსისა მეზობელთა 52% მეოთხე და პირველ ძმებს უჭერს მხარს.

ექსპერტების ვარაუდით, ძმათა კონფლიქტი ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

კომენტარები