მეჭიაური ივანიშვილის მაგიდაზე ახტა და 9 მილიონად შეფასებული ვაზა გადმოაგდო

7,519 ნახვა 2 სგ
2 სგ

გუშინ, 3 ივნისს, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში ხალხმრავლობა იყო. საქართველოს ყოფილმა პრემიერმა საკუთარ სახლში, თავისი თანაგუნდელები და ქვეშევრდომები დაიბარა. 

როგორც ჩიტს კულუარულმა წყარომ აცნობა, ივანიშვილს სალომე ასათიანთან სტურმრობის შემდეგ ხასიათი ჰქონია გაფუჭებული და სასწრაფო წესით მაამებელთა არმია გამოიძახა. ივანიშვილის უხასიათობა მოულოდნელი აღმოჩნდა გუნდის ყველა წევრისთვის, რადგან როგორც მათმა უმრავლესობამ აღიქვა, ინტერვიუ ჟურნალისტმა ჩააგდო და ჩააფლავა და არა თავად პრემიერმა. 

"აშკარაა, რომ სალომე ასათიანი მოუმზადებელი იყო და შესაბამისად, ბატონი ბიძინის ხასიათის გაფუჭების მიზეზი არ უნდა ყოფილიყო", განაცხადა კულუარულმა წყარომ, ჩვენთან საუბარში. 

საქართველოს პირველი მოქალაქის სახლში ასულ პოლიტიკოსებსა და ინტელიგენტებს სხვა, მაგრამ არამოულოდნელი სურათი დახვდათ. როგორც აღმოჩნდა, ბიძინა ივანიშვილი თავადაც თვლიდა, რომ ინტერვიუ სალომე ასათიანმა ჩააგდო. ნაწყენი კი სულ სხვა რამეზე იყო. 

"უყურესთ?" სევდიანად იკითხა ივანიშვილმა, ჩვენი წყაროს ცნობით. სტუმრებმა ჩუმად, თავის დაქნევით დაუდასტურეს გადაცემის ნახვის ფაქტი. "წერილსზე არაფერის მათქმევინსა." დასძინა ივანიშვილმა და ჭმუნვას მიეცა. 

ინციდენტი კი, რომლის მთავარი გმირიც თამაზ მეჭიაურია, სწორედ ამ მომენტში მომხდარა. 

ივანიშვილთან ასული ადამიანები გასუსულები ისხდნენ და ელოდნენ, როდის იტყოდა რამეს მათი ლიდერი. 

როგორც ჩვენმა კულუარულმა წყარომ გვაცნობა, ეს უხერხული სიჩუმე საკმაოდ დიდი ხანი 20-30 წუთი გაგრძელდა. ჩვენი ინფორმაციით ამ ხნის განმავლობაში ყველაზე უხერხულად თამაზ მეჭიაური იქცეოდა, რომელიც, ცნობილია, რომ ვერ იტანს უხერხულ სიჩუმეებს და ამიტომ ნებისმიერ სისულელეს როშავ და აკეთებს იმისთვის, რომ სიტუაციები განტვირთოს. 

მეჭიაურს ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია, რადგან თავში მისი საყვარელი და მისთვის ცნობილი ერთადერთი ლექსი "ფისუნია კატა" უტრიალებდა და გადაწყვიტა, რომ სწორედ ამ ლექსზე დაფუძნებული პერფორმანსი შეეთავაზებინა ყოფილი პრემიერისთვის. 

ჩვენი წყაროს ინფორმაციით თამაზ მეჭიაური უცებ გამოეყო ოცნების წევრთა ამალას, იქვე მდგარ მაგიდაზე ახტა, დახტა და მთელი ხმით "მიაუ"-ო დაიჩხავლა. მეჭიაურის კეთილ საქციელს, ბიძინა ივანიშვილის გამხიარულება არ მოჰყოლია, რადგან დეპუტატმა დახტომისას 9 მილიონად შეფასებულ ვაზას წამოკრა უკანა თათი და იატაკზე დააფშვნა. 

ივანიშვილი, მისი წერილის დაუფასებლობის გამო, იმდენად ყოფილა ნაწყენი და გაბუტული, რომ აღნიშნულ ინციდენტზე რეაქცია არ ჰქონია. თუმცა, მოგვიანებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მისი კომპანიისგან ინვოისი მიუვიდა, რომელშიც ივანიშვილი 9 მილიონის ანაზღაურებას საქართველოს ბიუჯეტიდან ითხოვს, რადგან თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წევრია და მასზე პასუხისმგებელი სწორედ სახელმწიფოა. 

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფინანსთა სამინისტრო უკვე მუშაობს ბიუჯეტის ოპტიმიზირებაზე.

კომენტარები