ვასაძის ფონდი ერის შეჯვარებას იწყებს

30,583 ნახვა 10 სგ
10 სგ

სოციალურ ქსელებში, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, რომ Facebook-ია, მაგრამ ჟურნალისტს შრომასა და ჯაფაში რომ ჩაეთვალოს ამიტომ ხმარობს ხოლმე ამ ტერმინს, გავრცელდა წერილი, რომელიც "საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდის" ანუ ლევან ვასაძის ეროვნულ მეცადინეობის ორგანიზაციას ეკუთვნის. 

წერილში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია იწყებს საქართველოში მცხოვრები დაუოჯახებელი ადამიანების აღრიცხვას, რათა მათ ხელი შეუწყოს ცოლის მოყვანასა და გათხოვებაში. 

ლევან ვასაძის ორგანიზაციის ახალგაზრდა წევრები რომაული ავენტინური ტრიადის არაწევრი და არისტოკრატული ცრუღმერთის, კუპიდონის ფორმაში გამოეწყობიან და კარდაკარ ივლიან მთელს საქართველოში. 

როგორც ფონდში განგვიმარტეს, დაოჯახების პროცესი უადვილესი იქნება, თავდაპირველად მოხდება ქალების აღწერა და შედგება "დედაკაცთა საყოველთაო კატალოგი" - ამ კატალოგში მოხვედრილ ქალებს ავტომატურად გაცხადებული ექნებათ თანხმობა გათხოვების შესახებ და პირველივე მამაკაცი, რომელიც მათ ხელს დაადებს საქმრო გახდება. 

"შეიძლება რომელიმე ქალბატონს თავისი ახალი საქმრო არ მოეწონოს, მაგრამ ეროვნული საქმის გამო ეს ყველაფერი უნდა აიტანოს და მხოლოდ იმაზე იფიქროს, რომ ნამდვილი ქართული და ქრისტიანული ოჯახი შექმნას. თუ თავისი მეუღლე ქალ-ვაჟურად არ ეყვარება, მაშინ ქრისტიანულად უნდა შეიყვაროს, როგორც მოყვასი, ან უფრო მეტად - როგორც მტერი." დასძინა ვასაძემ. 

მისივე თქმით, ფონდი ხელს შეუწყობს მახინჯი და ლამაზი ადამიანების დაწყვილებას, რადგან მათი პირმშო საშუალო გარეგნობის გამოვიდეს, ხოლო საშუალო გარეგნობის ადამიანების შემდეგ თაობა უკვე ოდნავ ლამაზი იქნება და ასე ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე. 

"ქართველები ცის სასუფეველში ყველაზე ლამაზი ერი ვიქნებით. თუმცა მანამდე დედამიწაც ჩვენს ბრწყინვალებასა და სიმპატიურობაზე ილაპარაკებს." აღტყინებით განაცხადა რაინდმა. 

ფონდის საქმიანობისა და გეგმების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს პარლამენტში უკვე შეტანილია კანონპროექტი, რომელიც ვასაძის წარმომადგენლებს ოფიციალურ ძალას აძლევს დააქორწინონ ნებისმიერ ადამიანი მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ის თანახმა. 

"შეიძლება ვიღაც მექალთანე ბიჭ-ბუჭამ უარი განაცხადოს ცოლის მოყვანაზე, რადგან გულაობა უნდა, მაგრამ ჩვენს ერს საგულაო დრო არ აქვს. დაუოჯახებლად დარეგისტრირებისთანავე, ადამიანი ვალდებული იქნება ამოირჩიოს საცოლე და ის ცოლად მოიყვანოს, ხოლო ქალი, ვალდებული იქნება გაჰყვეს მას. ორივე მხარე კანონის ძალით იქნება შებოჭილი." განაცხადა ვასაძემ. 

მისი თქმით, ეს შეიძლება იძულებით ქორწინებად მოეჩვენოს ვინმეს, თუმცა ეს არა იძულება, არამედ ბიძგია, რომელიც ხშირად ჭირდება ადამიანს წარმატების მისაღწევად. 

კანონის მიხედვით, ფონდის მიერ დაქორწინებულ წყვილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ განქორწინების უფლება თუ რომელიმე მათგანი უშვილო აღმოჩნდება. 

დაოუჯახებელ ქალთა შორის არაქალიშვილთა აღმოჩენის შემთხვევაში, აპკის გაკერვისა და ქმრისთვის ქალიშვილად ჩაბარების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. 

 

კომენტარები