საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჰადესში ითამაშებს

8,192 ნახვა 8 სგ
8 სგ

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ყაზახეთთან ვერმოგებული თამაშის შემდეგ საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს ჰადესში ადგილობრივი მკვდარი სულების წინააღმდეგ გამართავს. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს საათებში ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს გუნდს ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება, რადგან ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და შესაბამისად მათი იმქვეყნად გადასვლა შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არც ერთია ჰერაკლე, არც მეორე ორფეოსი და არც მესამე თესევსი.

რაც მთავარია, თერთმეტი ფეხბურთელის მობილიზება თავისი სათადარიგო მოთამაშეებით უპრობლემოდ მოხერხდება და სწორედ ამას განიხილავს ცენტრალურ მომენტად  სულეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი  სფფ-სთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში.

 "ჩვენთან ფეხბურთი ახალი ხილია. მთავარი მიზანი იყო მოგვეძებნა გუნდი, რომლის მინიმუმ 11 ფეხბურთელი აქეთ გამომგზავრებას მოახერხებდა და აკლიმატიზაციაც არ გაუჭირდებოდა. ასეთი გუნდი კი ერთადერთი გვეგულება და ეს საქართველოს ნაკრებია. მოუთმენლად ველოდებით მათ სტუმრობას. ეჭვიც არ გვეპარება, რომ თავს ისე იგრძნობენ როგორც საკუთარ სახლში. მართლა რას გვანან ბოიშვილივიყო" -  განუცხადა პრესის ადგილობრივ წარმომადგენლებს მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.

კიდევ ერთი პრობლემა ძველებური სამგზავრო მონეტების გამოძებნაში მდგომარეობდა, თუმცა მყრალ, სიტყვაძუნწ და ანგარებიან  ბერიკაცად ცნობილმა მებორნე ქარონმა ჩვენი ნაკრების სახელის გაგონებაზე სატელეფონო საუბარში მოკლე კომენტარი გააკეთა - "საქართველოს ნაკრები? არ მინდა შვილო თქვენი მონეტები, ისე გადაგიყვანთ სტიქსზე" - რის შემდეგაც ეს საკითხიც გადაიჭრა.

შეხვედრის შემდეგ, ჩვენი გუნდი უკან გამოემგზავრება და წამოიღებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის სამყოფ მდინარე ლეთეს წყალს, რომელსაც დინამო არენაზე მისულ გულშემატკივარს ყოველი თამაშის შემდეგ თითო ყლუპობით დაალევინებს, რათა დაავიწყდეთ იმ კონკრეტული თამაშის შედეგი და პერიპეტიები.

კომენტარები