კოალიციის პოლიტსაბჭო შეთანხმდა, რომ ჯოკერი 4 კაცში ითამაშება

6,361 ნახვა 1 სგ
1 სგ

კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო დღეს უამრავ მნიშვნელოვან და ერისათვის ურელევანტურეს საკითხებზე შეთანხმდა.

მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერებმა კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის ჩაწერა გადაწყვიტეს, რომელიც განისაზღვრა როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, პოლიტიკოსები სხვა საკითხების გაკონსტიტუციურებაზეც გადავიდნენ. 

დღეს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ჯოკერი მხოლოდ 4 კაცში უნდა ითამაშებოდეს და შესაძლებელია თამაშის მარტო ცხრიანების პულკა დარიგება არაკონსტიტუციურად და ანტიზნეობრივად გამოცხადდეს. 

"არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები თამაშობენ 3-ში და არიგებენ 12-12-ს, ეს არის მიუღებელი და ქართული მენტალიტეტის შეურაცხმყოფელი. ოთხი კაცი იმიტომ თამაშობს ამ თამაშს, რომ საჭიროა ადამიანები ჩამოყალიბდნენ სოციუმის ნამდვილ წევრებად. წარმოიდგინეთ ახლა, გეპეიში 3-ში რო ითამაშონ ჯოკერი და მეოთხე სტუდენტი მოტეხონ, ის ხომ თავს გარიყულად იგრძნობს? ამიტომ რაც მეტი ასეთი ნორმა დაწესდება კონსტიტუციაში, მით უკეთესი და შესაბამისად, არც საგანი 'მე და საზოგადოება' დაგვჭირდება სკოლებში." - განაცხადა პარტიის ლიდერმა, რომელიღაცამ.

იმავე რომელიღაცის განცხადებით, ჯოკრის 9-იანების პულკამდე შეკვეცა ხელს უწყობს ადამიანური ურთიერთობების შემოკლებას, ხოლო ქართველებს სიზარმაცეს აჩვევს, რადგან ეს ერთგვარი ხერხია გართობა რაც შეიძლება ადვილი და ხელმისაწვდომი იყოს, ეს კი დაუშვებელია, რადგან გართობა ამ ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციებსა და მენტალიტეტს უნდა ებმოდეს. 

როგორც ჩიტს ქართული ოცნების კულუარებიდან აცნობეს, კოალიციის სხდომაზე განიხილებოდა ხიშტის ნომინალის კონსტიტუციაში ჩაწერაც. ყველაზე პოპულარული ვერსია იყო -200, ხოლო რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე ასევე პოპულარულ "მინუს ვზიატკას" ლობირებდა, თუმცა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ ხიშტის ნომინალის დეკლარირება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებში ჯდება და ყველა მოთამაშეს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს როგორ დაისჯის თავს, არასწორად თამაშის ან ე.წ. "ვინუჟძენის" პირობებში. 

დიდხნიანი კამათის შემდეგ პოლიტიკოსებმა ვერ გადაწყვიტეს, კონსტიტუციამ ვინ უფრო კარგ ფეხბურთელად უნდა აღიაროს, რონალდო თუ მესი, ხოლო ვიღაც ძალიან გამორჩეული საერთოდ იბრაჰიმოვჩს, ხოლო ერთი პატრიოტი კლიმენტი წიტაიშვილს ლობირებდა. ამიტომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით ეს უმნიშვნელოვანესი და სახელმწიფოს განვითარებისათვის საჭირო დოქტრინა რეფერენდუმის ძალით უნდა გადაწყვიტოს თითოეულმა მოქალაქემ. თუმცა, შესაძლებელია მდგომარეობა შეიცვალოს, თუ ბერამ ფეხები დააბაკუნა და საუკეთესო ფეხბურთელად კახი კალაძე აღიარა. 

აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და სარეფერნდუმო ცვილებებს მოუთმენლად ელის საქართველოს 430 000 მოსახლე, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ, ხოლო დანარჩენი ე.წ. საშუალო ფენა, რომელსაც სესხი დოლარში აქვს აღტკინებით ეგებება მთავრობის ამ დროულ ნაბიჯებს. 

კომენტარები