საქართველოს პარლამენტი ფეისბუქის აკრძალვის კანონპროექტს ამზადებს

11,461 ნახვა 4 სგ
4 სგ

იბერია, 2016 წელი. 

მორიგი ბნელი პარლამენტარი ახალი ინიციატივით გამოდის. ჯანმრთელობის დაცვისა და დიჯიტალ კონტენტის რეგულირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სოციალური ქსელები, განსაკუთრებით კი ფეისბუქი, მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს მთავრობის მუშაობაზე და აუცილებელია ეს სფერო სახელმწიფო რეგულაციებს დაექვემდებაროს.

"ჩვენ უკვე რამდენჯერმე ვცადეთ ინტერნეტის დარეგულირება, მაგრამ არ გამოგვივიდა, ვინაიდან ეს ძალიან კომპლექსური საკითხია. ახლა რაშია საქმე, ვთქვათ რამე საკანონმდებლო ინიციატივით გამოვედით ხო? აიღებენ ამ ამბავს, დააშიარებენ ფეისბუქში და ილანძღება ხალხი, ხან ერთმანეთს ეჩხუბებიან, ხან მთავრობას ლანძღავენ, გასკდა გული კაცო! ვერაფერი ვეღარ გაგვიკეთებია ისე, რომ არ გვაგინონ, ყოველგვარ ზღვარს ცდება უკვე. ეს უნდა დამთავრდეს. ვის გაუგია ქართველი კაცი ფეისბუქზე მთავრობას თათხავდეს? დავით აღმაშენებლის დროს სულ არ ჰქონდა ხალხს ინტერნეტი, მაგრამ ვერ იყო ყველაზე მაგარი მეფე საქართველოს ისტორიაში?!" სვამს კითხვას აღშფოთებული დეპუტატი.

ფეისბუქის აკრძალვის ინიციატივას მხარს უჭერს უმრავლესობა, რამდენიმე პარლამენტარის აზრით, ეს კანონპროექტი ცოტა დაგვიანებულიც კია. ამ საკითხზე მედიასთან კომენტარი სოსო ჯაჭვლიანმაც გააკეთა, "უნდა დამთავრდეს ეს თავგასულობა ჩვენს ქვეყანაში. კი ვცადეთ თავიდან, მაგრამ მაგის კონტროლს ახლა, ვინ რას დაწერს შენზე და ვინ გაგინებს და ვინ დაგწყევლის, ჩვენ ვერ გავაკეთებთ, ამიტომ ჯობია პირდაპირ აიკრძალოს ეს ფეისბუქი და დავისვენებთ ყველანი" წერს ჯაჭვლიანი საკუთარ ფეისბუქზე.

აღნიშნულმა კანონპროექტმა უკვე გაიარა პირველი მოსმენა ადამიანის უფლებების კომიტეტში. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გედევან ფოფხაძის აზრით, ეს ცვლილება არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში აზრის გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებასთან, ვინაიდან ყველანაირი აზრი არ შეიძლება იყოს გამოხატული თავისუფლად და სახელმწიფოს სრული უფლება აქვს მიიღოს გარკვეული ზომები. "თუ მოქალაქის გარკვეული საქმიანობა აფერხებს საკანონმდებლო სტრუქტურის გამართულად მუშაობას, რასაკვირველია ამ შემთხვევაში პრიორიტეტულია საკანონმდებლო სივრცე იყოს დაცული გარეგანი ზემოქმედებისგან. მოქალაქეებს კი ბოლოსდაბოლოს სახლშიც, საკუთარ ოჯახებში, უბანში, ბირჟაზე და სხვაგან შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი აზრი, ამის უფლებას არ ვართმევთ" განმარტა გედიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კანონპროექტის ინიციატორის განმარტებით, ფეისბუქის მოხმარება აიკრძალება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, თუმცა ეს აკრძალვა არ შეეხება სოციალურად დაუცველ ფენას, ვინაიდან გაჭირვებულ მოსახლეობას აქამდე ისედაც არ ჰქონდა ინტერნეტთან წვდომა.

კომენტარები