ამერიკელი კონსერვატორები საქართველოში ემიგრაციას აპირებენ

5,856 ნახვა 2 სგ
2 სგ

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ლგბტ პირებს ქორწინების უფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიენიჭათ, ამერიკელი კონსერვატორები სხვადასხვა ქვეყანაში ემიგრაციას აპირებენ. 

კონსერვატორთა პირველი ნაკადი კანადაში გადაბარგებას ფიქრობდა, თუმცა აღმოაჩინეს, რომ კანადას ქორწინების თანასწორობის აქტი უკვე რამდენიმე წელია მიღებული აქვს და ჩრდილო მეზობელი აშშ-ზე უფრო წამხდარი და გარყვნილია. 

როგორც ჩიტს ამერიკელმა კონსერვატორებმა განუცხადეს, მეორე არჩევანი მექსიკა იყო, მაგრამ იქ ძალიან ცხელა და არც საცხოვრებელი პირობებია მაინც და მაინც კარგი. 

"ევროპა წახდა, გენაცვალე! აზიაში ქრსიტიანობა საერთოდ არაა, ავსტრალიაში ობობები და გველებია და რაღა დარჩა? საქართველო! ჩვენი პარტნიორი და ნამდვილი ქრისტიანობის ბოლო ბასტიონი მსოფლიოში!" განაცხადა ვესტბოროს ბაპტისტური ეკლესიის წინაძღვარმა ფრედ ფელფსმა.

მისივე თქმით, 2013 წლის 17 მაისს ყველა ამერიკელი კონსერვატორის გულში სიამაყე და სითბო ერთდროულად ჩაიღვარა. "ჩვენ ვუყურებდით ერთმუშტად შეკრულ ერს, რომელმაც არ დაუშვა გეიების გაპარპაშება და გვშურდა." დასძინა ფელფსმა.

როგორც ბაპტისტი პასტორი აღნიშნავს, სწორედ იმ დღიდან მან და მისმა მრევლმა მართლმადიდებლობის შესწავლა დაიწყეს და ძალიან მოიხიბლენ. "ჩემი მრევლი მზადაა მიიღოს მართლმადიდებლობა, იბრძოლოს საქართველოში ქრსიტიანობის განმტკიცებისთვის, ID ბარათების გაუქმებისა და სხვა მსგავსი ცოდვების წინააღმდეგ." 

პილიგრიმთა პირველი ნაკადის ჩამოსვლა სექტემბრისთვის იგეგმება. მათ ჩამოსვლამდე საორგანიზაციო საკითხებს სპეციალურად შექმნილი კომისია მოაგვარებს. 

როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, ემიგრანტთა ჩასახლება საზღვართან ახლოს მდებარე რეგიონებში იგეგმება. 

"ეს გულანთებული და ნამდვილი ქრისტიანი ხალხია. ჩვენ თუ ამათ სასაზღვრო რეგიონებში ჩავასახლებთ, პირდაპირ საზღვართან შეაჩერებენ ყველა ცოდვას და საქართველოში ამ სიბინძურის ექსპორტი მორჩება. ჩვენ კი მანამდე თბილისსა და შუაგულ საქართველოში გავაგრძელებთ ცოდვასთან და სიბილწესთან ბრძოლას." განაცხადა ლევან ვასაძემ, რომელიც სპეციალურად შექმნილ კომისიას უხილემძღვანელებს. 

გარდა ახალი მართლმადიდებლების შემომატებისა, საქართველოს პურიფიკაციის პროცესში სხვა რადიკალური ნაბიჯებიც იგეგმება. როგორც ჩიტს ლევან ვასაძის კულუარებში განუცხადეს, ქართველი რაინდი და მისი პაჟები 23 აგვისტოს, ბართლომეს ღამეს, მთელს ქვეყანაში ჩამოივლიან და ღირსეული ქართველების კარებებზე წითელ ჯვრებს გამოსახავენ. ხოლო მეორე დღეს 40 000 ნარჩევ ჩვიდმეტმაისელთან ერთად ჩამოივლიან და ვისთანაც წითელი ჯვარი არ დახვდებათ, ე.ი. ლიბერასტები არიან და ქვეყნიდან გააძევებენ. 

"ჩვენ დავკარგავთ 2000-3000 ადამიანს, მაგრამ შევიძეთ ახალ მოქალაქეებს, ახალ ქართველებს, ახალ სისხლს!" განაცხადა ვასაძემ.

კომენტარები