საქართველო ახალი ჯვაროსნული ლაშქრობისთვის ემზადება

16,833 ნახვა 3 სგ
3 სგ

მას შემდეგ რაც, საპატრიარქოს ოფიციალური სფოუქსმენის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებას ასურელების გენოციდის შესახებ საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა მოჰყვა, საქართველოს ეკლესიის მესვეურებმა საკუთარი შეცდომის გამოსასწორებლად ახალი გზების ძიება დაიწყეს და მიაგნეს კიდეც. ვინაიდან, წერილ არს - ვინც ეძებს, ის პოულობს კიდეცო. 

შეგახსენებთ, რომ მიქაელ ბოტკოველმა, ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის მიერ ასურელთა გენოცდთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: "ეს საკითხი საპატრიარქოს პრეროგატივა არ გახლავთ. ამაში ვერ ჩავერევით. დევნა ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს და ყველას კარი რომ გავუღოთ, ეს შესაძლოა სახელმწიფოსთვის სასურველი არ იყოს."

მაღალ სახელმწიფოებრივი ინტერესისა და ქრისტესმიერი სიყვარულის კოლაბორაციის შედეგად ქართველმა სასულიერო პირებმა პრობლემის გადაჭრა შუასაუკუნებრივი მეთოდით გადაწყვიტეს. როგორც ჩიტს საპატრიარქოს კულუარებიდან შეატყობინეს, ქართული ეკლესია ყველა პრობლემას ისედაც ასეთი ძველი და გამოცდილი მეთოდებით ჭრის და შესაბამისად აღნიშნული თემა გამონაკლისი ვერ იქნებოდა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გუშინ გამართულ სინოდის რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდა, რომ მამა მიქაელ ბოტკოველი და კიდევ რამდენიმე ენთუზიასტი სასულიერო პირი ახლო აღმოსავლეთში მისიონერებად წავლენ და ეცდებიან ISIS-ის დაჯგუფების წევრები ჭეშმარიტების გზაზე დააყენონ. აღნიშნული რელიგიური ჯგუფის აგრესიულობიდან გამომდინარე, შესაძლბელია შედეგი ძალიან მალე იქნას მიღწეული. 

უფრო მეტი ეფექტურობისათვის ქართველ მისიონერებს პილიგრიმებიც გაჰყვებიან. ქართველ მომლოცველთა არმიას ის 40 000 ადამიანი შეუერთდა, რომელიც სამყაროსა და ერის გადარჩენას 2012 წლის 17 მაისს თავისუფლების მოედანზე ცდილობდა. აღნიშნული ჯგუფისთვის მეუღლეები უკვე კერავენ ჯვაროსანთა ფორმებს, რომელთაც გარდა ხუთი წითელი ჯვარისა, მხარზე საქართველოს ძველი, სამფეროვანი დროშაც ექნება ამოქარგული. ქრისტეს მებრძოლები სიტყვით, ცეცხლითა და მახვილით შეეცდებიან ISIS-ის მოქცევას და სამყაროს სიბოროტისგან გაწმენდას. 

ახალ ჯვაროსნულ ომს უერთდება რაინდი და მეცენატი ლევან ვასაძე, რომელმაც საქართველოს მეფე გიორგი ბაგრატიონი დაარწმუნა, რომ მისი ამ ომში ჩართვა საჭირო არ არის და მან უფლისწულის აღზრდა უნდა გააგრძელოს, ხოლო რიჩარდ ლომგულის კვალს ვასაძე და მისი ტამპლიერები დააგდებიან. 

როგორც ჩიტს რაინდის საჯინიბოდან ანონიმურმა წყარომ აცნობა, ლევან ვასაძე რადიკალური ზომების გატარებას აპირებს. "სერ ლეონტი ომარ ალ შიშანის ერთი-ერთზე ბრძოლაში გამოწვევას აპირებს." გაუმხილა ჩიტს ანონიმურმა მეჯინიბემ. მისივე ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი კალაშნიკოვით იქნება შეიარაღებული, ხოლო სერ ლეონტი შურდულით. 

ჯვაროსნული ლაშქრობა მაისის ბოლოდან იგეგმება, ხოლო მანამდე ყველა მოხალისეს, გარდა 40 000 გულანთებული ქრისტეს ჯარისკაცისა, რომელიც ნაგულისხმევად მონაწილეობენ ამ ბრძოლაში, შეეძლებათ სპეციალურად შექმნილ საიტზე: http://cecxlitadamaxvili.ge/jvarosnobaminda.html შეეძლება განაცხადის შევსება და წმინდა ომში ჩართვა. 

როგორც ჩიტს საპატრიარქოდან შეატყობინეს, აღნიშნული საიტი მსურველების სიმრავლის გამო ხშირად ითიშება, შესაბამისად ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ პირადად ეწვიონ საპატრიარქოს და განაცხადი იქ შეიტანონ. 

"ჩვენთვის ყველა მებრძოლი მნიშვნელოვანია, რადგან გარდა ქრისტეს სიტყვის გავრცელებისა, ჩვენ განთავისუფლებულ ტერიტორებსაც შემოვიერთებთ და საქართველო კვლავად გახდება ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა მსოფლიოში." განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა. 

კომენტარები