თამარ მეფის საფლავი ნაპოვნია

54,835 ნახვა 5 სგ
5 სგ

მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც არქეოლოგებითა და ისტორიკოსებით იყო დაკომპლექტებული, დღეს სენსაციური აღმოჩენის შესახებ განცხადება გაავრცელა. როგორც მკვლევარები აცხადებენ, აღმოჩენილია თამარის საფლავი თბილისის შემოგარენში, ერთ-ერთ კარგად შენიღბულ აკლდამაში. მათივე ცნობით, ნამდვილი აღმოჩნდა ლეგენდა იმის თაობაზე, რომ თამარ მეფეს დაკრძალვისას ოქრო-ვერცხლით სავსე თორმეტი კუბო ჩააყოლეს საფლავში.

სწორედ ამ საკითხს ეძღვნებოდა ქართული ოცნების დღევანდელი პოლიტსაბჭოს შეკრებაც. პოლიტსაბჭოზე გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული აკლდამა ოქროს მომპოვებელ კომპანია "RMG gold"-ს გადაეცეს, რომელიც ამჟამად საყდრისზე აწარმოებს ოქროს დამუშავებას, თუმცა უახლოეს ხანებში მისი მარაგი ამოიწურება. ხოლო იმისათვის, რომ აკლდამის ისტორიული მემკვიდრეობა არ გახდეს ხელისშემშლელი ამ პროცესისთვის, პირველ ეტაპზე იგეგმება ამ აკლდამის აფეთქება.

ფაქტს მყისიერად გამოეხმაურა საპატრიარქო. "დღეს ჩვენ ვდგავართ უდიდესი აღმოჩენის წინაშე. ვფიქრობთ, რომ ეს აღმოჩენა ივერიის გაბრწყინებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. მოვითხოვთ თამარის სამების ტაძარში გადმოსვენებას, რისთვისაც უკვე მობილიზებული გვყავს მესანთლეთა ჯგუფებიც. ქალისა და მამაკაცის სრულფასოვანი თანასწორობის ხორცშესხმა სწორედ თამარის სახით მოხდა". განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა. "თუმცა ჩვენ მაინც მივიჩნევთ, რომ კაცი არის ოჯახის თავი" - დასძინა მანვე და საბუთად პავლე მოციქულისა და ილია მეორეს სიტყვები მოიყვანა.

მთავრობის გეგმას სასტიკად გმობს ლევან ვასაძე. როგორც მან სოციალურ ქსელ odnoklassniki-ს საშუალებით განაცხადა, მზადაა თავის თორმეტ განრისხებულ ჩოხოსანთან ერთად სადღეღამისო მორიგეობა დააწესოს თამარის საფლავთან. იმისათვის, რომ ეს მორიგეობა მოსაწყენი არ გახდეს, პარალელურად ჩოხოსნებს შორის რიკტაფელას, ორდროშობანასა და სხვა ტურნირების გამართვა იგეგმება.

კომენტარები