იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზი ლევან ვასაძემ გამორთო

16,824 ნახვა 4 სგ
4 სგ

თბილისი - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო გუშინდელ ელექტროდივერსიას ეხმაურება. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის განცხადებით, იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზი ქართველმა ფილანტროპმა და რაინდმა ლევან ვასაძემ გათიშა. როგორც ჩიტს სამინისტროდან აცნობეს, ვასაძე ანაკლიიდან თბილისში ბრუნდებოდა, რა დროსაც ზესტაფონთან ახლოს ელექტრო ანძა შენიშნა და მასთან ბრძოლა გადაწყვიტა. 

როგორც სამინისტრო თვითმხილველთა ჩვენებებზე დაყრდნობით იუწყება, ვასაძე ხის შუბით იყო შეიარაღებული და ისე ცდილობდა ანძის წაქცევას. "როცა არაფერი გამოუვიდა და ანძას ვერ მოერია წუწუნი დაიწყო. თანამედროვეობამ ნამდვილ რაინდებს ასპარეზი წაგვართვაო. თორე ახლა რომ ქარის წისქვილები იყოს ხო მარტვად იქნებოდა ყველაფერიო." აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. ჩვენი ინფორმაციით, ანძის დამარცხების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ვასაძემ თავისი ხის შუბით ელექტრო სადენებზე ჩამოკიდებული აგურების ჩამოყრა დაიწყო, რის შედეგადაც ქარმა სადენები გადახლართა და ავარია მოხდა. 

განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს ლევან ვასაძის პიარ მენეჯერი, "დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეონა სეფაშვილი აცხადებს, რომ ვასაძეს არანაირი თვითმიზანი არ ჰქონია და მან უბრალოდ ფეხი წამოკრა ძირს დაგდებულ ელექტრო შნურს. 

ქართველ ექსპერთა განცხადებით, ასეა თუ ისეა, ფაქტია, რომ გუშინ მთელი საქართველოს მასშტაბით, სიბნელე, უკუნი და წკვარამი ლევან ვასაძის გამოისობით ჩამოწვა. 

კომენტარები