თბილისი - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელისმომწერის გარკვევის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ სხვა პრობლემებიც თვითონ მოაგვაროს. ერთ-ერთი ასეთი საკითხი, რომლის საკუთარ თავზე აღებაც პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, პრეზიდენტის დაოჯახებაა. აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ჩიტს მთავრობის კანცელარიიდან აცნობეს, ღარიბაშვილი მაკა ჩიჩუასთან გიორგი მარგველაშვილის ნაცვლად მოაწერს ხელს და ამით საბოლოოდ დაასრულებს იმ სპეკულაციებს, რაც ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ტრიალებს.
"როგორც ბატონმა ბიძინამ, იმ ბრძენმა კაცმა თქვა, საჭიროა, რომ ქვეყნის სათავეში მყოფ ადამიანს მყარი ოჯახი ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა რამე წონა ამ ადამიანს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვებაში." - დასძინა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ამ ინიციატივას უარყოფითად აფასებს პრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა, რომ ის არც დროებით და არც არანაირი ფორმით არ აპირებს გადასცეს ღარიბაშვილს ჩიჩუასთან ხელმოწერის უფლებამოსილება. პასუხად პრემიერმა განაცხადა, რომ მას არანაირი უფლებამოსილების გადაცემა არ სჭირდება.
ღარიბაშვილის ეს ნაბიჯი ტრადიციულად გააპრავა და სამართლებრივი ახსნა მოუძებნა თინა ხიდაშელმა, რომელმაც ღარიბაშვილს არათუ მხარდაჭერა, არამედ სანთლის დაჭერის სერვისიც შესთავაზა.
ხელმოწერის თარიღი და ცერემონიალის გამართვის ადგილი მალე გახდება ცნობილი.