ორი უცხოელი ქართველობის წართმევის მცდელობისთვის დააკავეს

11,924 ნახვა 8 სგ
8 სგ

თბილისი - დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე საპატრულო ეკიპაჟმა ორი უცხოელი დააკავა. საქმე ეხება სახინკლე "სამ გოჭში" მომხდარ ინციდენტს, სადაც ერთ იტალიელ და ერთ ჩინელ მამაკაცს ქართველობის წართმევას აქტურად ცდილობდნენ. "ეს ორი ჯეელი გამოირჩეოდა განსაკუთრებული გამომწვევი ქცევებით. ჯერ ხინკლის ჩანგლით ჭამა რომ მოინდომეს, ჩვენ ქართული ტოლერანტობა გამოვიჩინეთ და მხოლოდ გინებით შემოვიფარგლეთ. მაგრამ როცა მათ არ დალიეს პატრიარქის სადღეგრძელო, ამდენ შეურაცხყოფას ვეღარ ავიტანდით" - განაცხადა თვითმხილველმა, თბილისელმა დამრტყმელმა ნუგზარ დესპოტაშვილმა და თავის აწკეპილ ულვაშებზე სიამაყით გადაისვა ცხიმიანი ხელი. "გაივსო საქართველო უცხოელებით, გემოზე ვერ ამოგიფურთხებია ქუჩაში, ისე გაკვირვებულები გვიყურებენ, ვკომპლექსდებით. ეს ქართული ტრადიცია მაინც არ გადაშენდება" - დაამატა ნუგზარმა და სიამაყით დაამტკიცა თავისი სიტყვები.

ფაქტს მალევე გამოეხმაურა ლევან ვასაძე, რომელმაც ასევე დაგმო ფაქტი და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯა მოითხოვა. "საქართველო დღეს დგას უდიდესი საფრთხის წინაშე. დარტყმის ქვეშაა ერის სულიერი ცხოვრების წესი და ტრადიციები. ის ფაქტი რომ ქართველობის წამრთმევები იტალიელი და ჩინელი იყო, ამის კიდევ ერთი ნიშანია. ესაა ეშმაკის შემოჭრის ნიშანი. როგორც "იტალია", ასევე "ჩინეთი" 6 ასოსგან შედგება და ეს სულაც არაა შემთხვევითი".

პროკურატურამ უცხოელების წინააღმდეგ საქმე აღძრა ხულიგნობის მუხლით, რადგან მათ ქართველი მოქეიფეების პროვოცირება სცადეს. ამასთან, როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელმა გერმანიიდან სკაიპით განაცხადა, ისინი ამ გარყვნილ უცხოელებს ანათემაზე გადასცემენ.

კომენტარები