საქსტატი: მიხეილ სააკაშვილი დღეში 436-ჯერ იღიმის

5,900 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 26 თებერვალი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალ მონაცემებს აქვეყნებს, რომლებშიც ქართველი პოლიტიკოსების განწყობები არის ასახული. ხანგრძლივი კვლევების შედეგად ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ქართველ პოლიტკოსთა შორის ყველაზე მეტს,კერძოდ  436–ჯერ, მიხეილ სააკაშვილი იღიმის. “დღის განმავლობაში პრეზიდენტი დაახლოებით 436–ჯერ იღიმის, ხოლო 10–15–ჯერ იბღვირება” – ნათქვამია საქსტატის დასკვნაში.

კვლევის თანახმად, სააკაშვილი რეფორმებზე, მომავალზე, ლაზიკაზე, წარმატებებსა და მიღწევებზე ლაპარაკისას ყოველთვის იღიმება. აქედან, მისი ღიმილის 80% პოზიტიური კონტექსტის მატარებელია, ხოლო 20% - ირონიული ან სარკასტული – რაც ძირითადად ისეთ თემებს მოჰყვება ხოლმე,  რომლებიც პოლიტიკური  ოპონენტების მიმართ ნიშნის მოგებას უკავშირდება. რუსეთის ხსენებისას სააკაშვილი ძალიან იშვიათად იბღვირება და მის უხასიათობას მხოლოდ მოღალატე პოლიტიკოსთა სახეები იწვევს.

ხელისუფლებისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გაღიმების მაქსიმალური რაოდენობა 435–ს არ აღემატება. ექსპერტების აზრით, ეს იმით არის გამოწვეული, რომ არავის უნდა პრეზიდენტზე უკეთესი შედეგი დააფიქსიროს და ამით მთავარსარდალს დაბღვერის მიზეზი ჰქონდეს.

რაც შეეხება ოპოზიციურ ძალებს, საქსტატის მონაცემებით ყველაზე მეტს ბიძინა ივანიშვილი იღიმის, რომლის ღიმილთა რაოდენობაც 348–ს არ აღემატება. ესპერტთა განცხადებით, ივანიშვილის ნაკლებღიმილიანობას მისი გუნდი იწვევს და პრობლემას ვერც შალვა რამიშვილის მიერ დაწყებული ახალი პროექტი “ბანანის რესპუბლიკა” შველის.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე “მისტერ ღიმილი 2012” წელსაც მიხეილ სააკაშვილის გადაცემა, რაც მას ერთპიროვნულ ლიდერად აქცევს მომღიმარ პოლიტიკოსებს შორის.

კომენტარები