ჩიტის ისტორია

ჩიტის ისტორია 1712 წლიდან იწყება. ცოტამ თუ იცის, რომ ვახტანგ VI-ს სტამბაში “ვეფხისტყაოსანზე” ადრე სწორედ “ჩიტის” პირველი ნომერი დაიბეჭდა. საცდელად ჩაშვებული გაზეთი გამოსაშვებად არ იყო გამიზნული, თუმცა სტამბაში მომუშავე მეფის მამიდაშვილის შვილ თომას ძალიან მოეწონა იდეა და “ჩიტის” პერიოდიკად გადაქცევა სცადა. იმის გამო, რომ ბიძას საბეჭდი მასალის დახარჯვა არ უნდოდა, თომა “ჩიტს” ჩუმად, ღამღამობით უშვებდა. სწორედ ასე იქცა “ჩიტი” პირველ ქართულ ანდერგრაუნდ გამოცემად. გაზეთის რედაქციამ გამოიყენა ძველი გერმანული გაზეთის, “ერეტიკოსის ჩრდილის” გამოცდილება, რომელიც გუტენბერგის სტამბაში იბეჭდებოდა, ასევე სტამბის მფლობელისგან უჩუმრად.

1713 წლიდან “ჩიტი” ყოველკვირეულ გაზეთად იქცა და ტირაჟით გადაუსწრო ისეთ გამოცემებს, როგორებიც იყო, “ტფილისის ფოსტა”, “ქუთაისის ტრიბუნა” და “ხელვაჩაურის გლობუსი”. ამავე წელს რედაქციის მფლობელებმა შეძლეს და პროსახელისუფლებო გამოცემებიდან გადმოიბირეს იმხანად ცნობილი მესვეტეები – ვახუშტი ბატონიშვილი, იოსებ სამებელი და ვახტანგ ელერდაშვილი. გაზეთში აქტიურად იბეჭდებოდა საქართველოს სამეფო კარის ინტრიგები, რომელთა ძირითადი წყარო კარზე მოღვაწე სამეფო ამალის წევრების, სამეფო დაცვის და სხვა ინსტიტუტების წევრი ბიჭები იყვნენ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “ჩიტი” არ ყოფილა პირველი მედია საშუალება, რომელიც დაცვის ბიჭების ინფორმაციის იკვებებოდა – შეგახსენებთ, რომ ლაშა-გიორგის სასიყვარულო ინტრიგები ერთ-ერთ პრომონღოლურ გაზეთში, სწორედ მისი დაცვის წევრებისგან გაიჟონა.

გამოცემა სტაბილურად მუშაობდა 1832 წლამდე. შეთქმულების შემდეგ, რუსეთის მეფის სპეც-რაზმი “ჩიტის” რედაქციაში შევარდა და მისი მართვა მოღალატეობრივად განწყობილმა ადამიანებმა ჩაიგდეს ხელში. რამდენიმე წლის შემდეგ, 1865 წელს ჩიტმა არსებობა დროებით შეწყვიტა, რადგან მისი რეიტინგი მკვეთრად დაეცა. თუმცა, მისი რედაქტორები და ხელისუფლება ამტკიცებდნენ, რომ “ჩიტის” ტირაჟი ბოლომდე იყიდებოდა და ყოველ წელს კუსტარულად დამზადებულ ჯილდოს, “ყველაზე რეტინგული გაზეთი”, საკუთარ თავს გადასცემდნენ.

“ჩიტის” გამოცემა განახლდა 1918 წლიდან, საქართველოს დამოუკიდებელობის აღდგენის შემდეგ. თუმცა, ამ პერიოდში გაზეთის შინაარსობრივი ხარისხი მკვეთრად დაეცა. 1921 წელს, გასაბჭოების შემდეგ, “ჩიტისთვის” არავის ეცალა, რითიც ახალგაზრდა ქართველმა პოეტებმა ისარგებლეს და მის გამოცემას მიჰყვეს ხელი. სამწუხაროდ, “ჩიტი” ისევ დახურეს 1937 წელს.

2011 წლიდან ჩვენმა გუნდმა XXI საუკუნის ჩიტი შემოგთავაზათ. ეს იყო პირველი მედია-ჰოლდინგი ქართულ ინტერნეტში, რომელიც აერთიანებდა ტელეწარმოებას, საინფორმაციო სააგენტოს, გაზეთს, ფეისბუქ-გვერდს და ონლაინ-ენციკლოპედიას. 2014 წლიდან კი ჩიტი განახლებული ძალებით შემოდის ონლაინ-სივრცეში და გთავაზობთ უპრეცედენტო, ღია პლატფორმას, სადაც ამბების კეთება შეუძლია ნებისმიერ თქვენგანს! ჩვენი მიზანი კი კვლავ იგივეა — ბოლომდე აღადგინოს “ჩიტის” ტრადიციები და წინაპართა თავდაუზოგავი შრომა უკვე აწმყოში ასახოს. “ჩიტის” გამოცდილი გუნდი გპირდებათ, რომ ჩვენთან მხოლოდ ობიექტურ, მრავლგზის გადამოწმებულ და დაუცენზურებელ ინფორმაციას მიიღებთ.

“ჩიტი” ქართული ელექტრონული მედიისა და საზოგადოების სადარაჯოზე დგას!

კომენტარები