პრეზიდენტს რეგიონებში მხოლოდ ერთი ოპერატორი გაჰყვება

7,254 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 18 ივნისი – საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტებს რეგიონებში მხოლოდ ერთი ოპერატორი გადაიღებს და მასთან ერთად მგზავრობა სხვა ჟურნალისტებს საერთოდ აეკრძალებათ.

"ძალიან გთხოვთ გამიგოთ, იქნება მხოლოდ ერთი პირადი კამერა და მასალას ყველას მოგაწვდით. ფოტოებსაც მოგაწვდით და ვიდეოებსაც. ხომ ხედავთ, არც "რუსთავი 2" იქნება და არც "იმედი", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა, ნათია ბანძელაძემ პრეზიდენტის ქარელში ვიზიტისას.

ბანძელაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პირად ოპერატორად ცნობილი ქართველი კინემატოგრაფი ანდრია ბარამიძე, იგივე "ვორჰოლიჩა" იმუშავებს. აღნიშნული მეტსახელი ოპერატორს მადლიერმა ქართველმა ერმა შეურჩია, მას შემდეგ რაც ბარამიძემ რამდენიმე "ვორჰოლური" ფილმი გადაიღო. მისი პირველი საპრეზიდენტო ნაშრომის, "პრეზიდენტი ვენახში," 18 წუთიანი ტრეილერი დღეს 6 საათიან კურიერში გავიდა. ეგზისტენციალური და ნეო–სურეალისტური სურათი პოსტ–აპოკალიფტიკურ–აგრარულ თემაშია გადაწყვეტილი, რომელშიც პრეზიდენტი ვენახში დგას, ვაზს წამლავს და სულში ჩამწვდომ სიტყვებს ამბობს, რომელიც როგორც ჩანს ქართველ ერს არ ესმის, იმიტომ რომ უმადური ერის გარკვეული ნაწილი ვიღაც რუსეთიდან ჩამოთრეული საბჭოთა ნეო–რეალიზმის მიმდევარ რეჟისორებს დასდევს ქალაქიდან ქალაქში.

"ვორჰოლიჩის" ახალი ნამუშევრები სულ მალე ქვეყნის ყველა ნაციონალურ ტელევიზიაში გავა. ნამუშევრებს "პრეზიდენტი ჭამს," პრეზიდენტი სვამს," "პრეზიდენტი ეწევა," "პრეზიდენტი ფიქრობს," "პრეზიდენტი ფიქრობს 2: ხალხზე" და ა.შ. ოსკარზე წარმატებასაც უწინასწარმეტყველებენ.

ექსპერტი მიშა თავხელიძის აზრით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქართული კინოს განვითარებას.

კომენტარები