პირამიდების საიდუმლო ამოხსნილია

15,581 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 12 დეკემბერი, 2011 - დღეს, მსოფლიო უნიკალური აღმოჩენისა და საიდუმლოს ამოხსნის მოწმე გახდა. ეგვიპტური პირამიდების იდუმალებით მოცული ისტორია სამყაროს საუკუნეების განმავლობაში აწუხებდა, ხოლო მეცნიერებს აქამდე არ ჰქონდათ უტყუარი ისტორიული მტკიცებულებები და ცნობები პირამიდების აგებისა და ფუნქციების შესახებ.

მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბათუმში მიმდინარე რამდენიმე მშენებლობას დაესწრო სადაც 24 საათიანი სამუშაო რეჟიმებია და შენების ტემპები არნახულია. სწორედ ერთ-ერთ ასეთ მშენებლობაზე სტუმრობისას, სააკაშვილს რამდენიმე ძველეგვიპტელი ქურუმი მიუახლოვდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ გარკვეული რიტუალების ჩატარების შემდეგ იმოგზაურეს დროში, რათა იგი წაეყვანათ და პირამიდების მშენებლობა ჩაებარებინათ. ქურუმების განცხადებით, მათ ლიდერს თვით მზის ღმერთმა რამ აუწყა სიზმარში, რომ ამ დროს და ამ ადგილას უნდა მოხვედრილიყვნენ და სწორედ სააკაშვილი წაეყვანათ. "ვიღაც ხალტურშიკები არ შემოგტენოთ, კვეზერელი ან ვინმე, რა ვიცი მე" - უთქვამს რას და ქურუმები 2011 წლის საქართველოსკენ გადმოუსროლია.

დღესვე გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს შინაგან საქმეთა და დროში მოგზაურობის სამინისტროსა და ეგვიპტის საელჩოს შორის. დოკუმენტი მხარეებს ავალდებულებს დაიცვან ერთმანეთის უსაფრთხოება და სივრცის დროითი კონტინიუმი. ანუ სააკაშვილს მკაცრად ეკრძალება კლუბების, დისკოტეკების, ახალი ქალაქების აშენება, ხოლო ძველების რესტავრაცია. მას მხოლოდ ერთად ერთი მისია აქვს, დროზე ადრე დაასრულოს ხეოფის პირამიდის მშენებლობა და ძველეგვიპტელი არქიტექტორები და მენეჯერები სათანადოდ დაატრენინგოს თაიმ-მენეჯმენტში. სამაგიეროდ ეგვიპტის მხარე სააკაშვილს მონათა ურიცხვ არმიას გამოატანს, რომლებსაც აქ პატრონი მაინც არ ეყოლებათ და შესაბამისად ჩვენს მთავრობას შეეძლება მათ "სიქა გააძრონ."  გაეროს განცხადებით ამ ყველაფერში ცუდი არაფერია, რადგან ძველ ეგვიპტელ მონებზე არ ვრცელდება თანამედროვე ადამიანის თანამედროვე უფლებები. შესაბამისად, მათ ექნებათ 24 საათიანი სამუშაო დღე, მცირე ხელფასები, არასამართლიანი სასამართლო, დენზე მიბმული ნაგავი და ა.შ. პრეტენზიები და მკაცრი გაფრთხილებები მხოლოდ იუნესკომ გამოსცა; ორგანიზაცია მკაცრად აფრთხილებს სააკაშვილს არ შეშუშოს პირამიდები და არც სფინქსის თავში გახსნას მოტრიალე რესტორანი და კურიერის ეგვიპტის სტუდია.

მიხეილ სააკაშვილი, თავის ეგვიპტელ კოლეგებთან ერთად, ხვალ გადაინაცვლებს წარსულში და ისტორიის შენებას დაიწყებს. ქართველი და საერთოდ ყველა ერი, დიდ მადლობას უცხადებს ბატონ სააკაშვილს, რომ ისტორია სწორედ მისით იწყება.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოში, სულ მალე, მაიას ტომის წარმომადგენლებიც ჩამოვლენ.

კომენტარები