საქართველოში ბომბია

5,495 ნახვა 0 სგ
0 სგ

საქართველო, 16 სექტემბერი - დღეს თბილისის დროით 16:30 საათზე 112-ში ანონიმური შეტყობინება შევიდა, რომელიც საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ იუწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და შსს სრულ მზადყოფნაშია, რათა სასწრაფო წესით შემოღობოს საქართველოს ტერიტორია პოლიციის ლენტით, დაიწყოს მოსახლეობის ევაკუაცია და განაღმვითი სამუშაოები. თუმცა ამ ყველაფერს აფერხებს ის გარემოება, რომ უცნობია ანონიმური შეტყობინების ავტორი გულისხმობდა თუ არა საქართველოს ტერიტორიაში ოკუპირებულ ტერიტორიებსაც.

სწორედ ამ საკითხზე სამსჯელოდ ამ წუთებში პრემიერის ბიზნეს-ცენტრში შეკრებილები არიან საქართველოს მთავრობა, ამერიკის ელჩი, გენადი ონიშჩენკო და ათი თბილისელი. შეხვედრაზე ასევე მოწიწებით და რუდუნებით ელოდებოდნენ საქართველოს კათალიკოს პატრიარქსაც, თუმცა როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, უწმინდესი მის უახლოეს გარემოცვასთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ხანგრძლივ სარეაბილიტაციო კურსს გაივლის.

შეხვედრის დაწყებამდე პრემიერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ეს საკითხი [ოკუპირებული ტერიტორიები] არის წინა მთავრობის დანატოვარი კიდევ ერთი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ახალი მთავრობა პირველ რიგში აპირებდა, თუმცა ევროპამ და ამერიკამ შეაჩერეს.

“მე მესმის, რომ ქართველი ამომრჩეველი არის სულსწრაფი და ყველაფერი ერთბაშად უნდა, და ზოგადად საქართველოში პოლიტიკური კულტურა არის დაბალი, მაგრამ საზოგადოება უნდა მიხვდეს და გააანალიზოს, რომ არ შეიძლება ასე სწრაფ ტემპებში საზღვრების აღდგენის პროცესი წარიმართოს. ამას არ გვაპატიებს ევროკავშირი და ამერიკა... ჩვენ ჩამოვიყვანეთ ექსპერტები, ჰამერბერგი ჩამოვიყვანეთ, ძალიან კარგი ბიჭია სხვათაშორის, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავუგდოთ ყური ჩვენს პარტნიორებს ასეთ საცხოვრისად მნიშვნელოვან საკითხში და დინჯად, აუჩქარებლად, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ქვეყანა და შემოვღობავთ ჩვენს ტერიტორიას პალიცეისკი ლენტით.”

საქართველოს ტერიტორიაზე ბომბის არსებობას საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც, მან იუთუბზე ნაჩქარევად ჩაწერილი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მოსახლეობას აცნობა, რომ სანამ “უქნარა მთავრობა შუშის შენობაში შეხვედრაზეა წამოტყლარჭული” იგი პირდაპირი მნიშვნელობით თავად ჩაუდგება სათავეში საქართველოს უსაფრთხოების საკითხს. აღნიშნული ვიდეომიმართვის კადრებში პრეზიდენტის გვერდით ჩანან პარლამენტარი გოგა ხაჩიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი, რომლებსაც ხელში საკმაო ზომის გორგალი უჭირავთ საქართველოს დროშის ფერებში გადაწყვეტილი წარწერით “Police Line Do Not Cross”. მიხეილ სააკაშვილის თქმით, იგი აღარასოდეს არ დაუშვებს ქართველი ხალხის საფრთხეში ყოფნას, და მზად არის მეორედ ავიდეს მყინვარზე, საიდანაც დაიწყებს გორგალის გაშლას და შემოახვევს მთელ ქვეყანას.

საქართველოში ბომბის არსებობის საკითხს უკვე გამოეხმაურა სამოქალაქო საზოგადოება. ჟურნალი ლიბერალი ია ანთაძის განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ ია ანთაძემ და ვასილ მაღლაფერიძემ უკვე დააარსეს სააქციო საზოგადოება სახელწოდებით “სამოქალაქო ინიციატივა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა”, რომლის დამფუძნებელთა ჯფუფი და სამეთვალყურეო საბჭო პრესკონფერენციას დღეს, 20:00 საათზე გამართავს.

გოგი გვახარია კი თავის მხრივ პრეზიდენტის ვიდეომიმართვას კანის საერთაშორისო ფესტივალიდან ეხმაურება: “ვერ ეშვება ეს კაცი თვითპიარს :(((“ წერს გოგი ფეისბუქზე. აღნიშნულ სტატუსს უკვე 289 მოწონება და 78 გაზიარება აქვს.

კომენტარები