დედამიწას უცხოპლანეტელები ესტუმრებიან

8,875 ნახვა 0 სგ
0 სგ

დედამიწა, 28 სექტემბერი - დედამიწელები უცხოპლანეტელებთან შესახვედრად ემზადებიან. როგორც უცხოური და დაგოიმებული ქართული პრესა იუწყება, სტუმრები ჩვენს პლანეტას ნოემბერ-დეკემბერში ეწვევიან. ინფორმაციამ საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია, რამდენიმე პოლიტიკოსმა ვრცელი განცხადებაც მიუძღვნა E.T.-ების ჩამოსვლას.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით უცხოპლანეტელები სააკაშვილის წასაყვანდ მოდიან. "მას ვადა ეწურება და როგორც ჩანს ალფა-ცენტავრის ყველა მოსახლე მისნაირი უნამუსო არაა. ამერიკა მაგას ვერ გადააფიქრებინებს და ქართველი ხალხი, ამიტომაც მოდიან ჩვენი მეზობელგალაქტიკელი მეგობრები." - დასძინა ნათელაშვილმა. მშრომელთა ლიდერის განცხადებით ხალხმა ძალიან კარგად იცის სააკაშვილის არამიწიერი წარმომავლობის შესახებ, უბრალოდ სააკაშვილი თავისი დამქაშების მეოხებით ყველას თავგზას ურევდა. "გახსოვთ ალბათ ფილმი Men In Black, იქ რაღაც სანათით უბნელებენ გონებას ადამიანებს, სააკაშვილმა კიდე თავისი ზონდერების დუბინკებით არია აქაურობა." - განაცხადა მან.

მმართველი გუნდის ვერსიით უცხოპლანეტელები რუსეთის დასაშლელად და თავიანთ სისტემაში ქართული ღვინის გასატანად მოდიან. "მათ ლიდერს პირადად დახვდებიან და უმასპინძლებენ გიგი უგულავა და ვერა ქობალია." ჩიტის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, უცხოპლანეტელების გამოჩენის შემდეგ ბაკურ კვეზერელი "ცერნში" გაგზავნეს, სადაც მას ადრონულ კოლაიდერში შეაგდებენ და ნაწილაკებთან ერთად დაატრიალებენ, სწორედ ასე აპირებენ მისი ინტელექტის E.T.-ების დონეზე აწევას, რათა მინისტრმა ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა ახლა უკვე ალფა-ცენტავრის სისტემაში დანერგოს.

კოლეგებს არ ჩამორჩა "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია. მისი თქმით, კოსმოსური ხომალდებით დიდი ქართველები, დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და ა.შ. ბრუნდებიან. "როგორც ჩანს მათ შეისმინეს ერის და ბერის ღაღადი და ემიგრაციიდან სამშობლოში ბრუნდებიან." - მეტად სერიოზულად დასძინა მან.

სამწუხაროდ ჩიტმა ვერ მოახერხა ქრისტიან-დემოკრატების აზრის გარკვევა. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ის მმართველი გუნდის ვერც ერთ წევრს ვერ უკავშირდება და შესაბამისად აზრის გამოთქმის ნებართვა არ აუღია.

კომენტარები