უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის ოლქის გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი 9 მილიონი გრივნა შეჭამა.
უკრაინული "პიდმანულ-TV"-ის ცნობით, გუშინ, მიხეილ სააკაშვილი და რამდენიმე თანმხლები პირი ერთ-ერთი რესტორანში შევიდნენ და სხვადასხვა საჭმელი შეუკვეთეს. როგორც თვითმხილველები ყვებიან, სააკაშვილს მენიუში არსებული არც ერთი კერძი არ მოეწონა და გადაწყვიტა, როგორც ნამდვილ "სელებრითის" შეეფერება, შეფ-მზარეულისთვის განსაკუთრებული კერძის შეკვეთა განიზრახა.
"ის ძალიან მხიარული ადამიანია, მაგრამ ხასიათი მალევე ეცვლება. როგორც კი ნახა, რომ მენიუში მისთვის სასურველი კერძი არ იყო, მაშინვე მოიქუფრა და რესტორნის მეპატრონესა და მთავარ მიმტანს უბრძანა შეფ-მზარეულისთვის დაეძახათ", აცხადებს თვითმხილველი პავლე ვიხოდკო.
რესტორანში მყოფი რამდენიმე ადამიანი იხსენებს, რომ სააკაშვილმა შეფ-მზარეულს არც მეტი, არც ნაკლები, 9 მილიონი გრივნა შეუკვეთა და გასცა ინსტრუქცია, რომ კერძი მრავალფეროვანი უნდა ყოფილიყო და შესაბამისად, მხოლოდ ერთი კუპიურით არ გაეკეთებინათ. შეკვეთის მიღების შემდეგ მზარეული და რესტორნის მეპატრონე სამზარეულოში შებრუნდნენ და დიდი ხნის განმავლობაში არ გამოსულან.
ლოდინის გამო სააკაშვილი კვლავ გაღიზიანებულა.
"შეკვეთის მიცემიდან დიდი ხანი, რომ გავიდა, ბატონი მიშა აყვირდა, რას შვებითო, კაცოო, რასო, მოდიხართო თუ ეხლა ბეჭდავთო, მაგ ფულსო?!", იხსენებს ოდესაში მცხოვრები, ადგილობრივ ქალბატონზე დაქორწინებული, შუახნის ქართველი მამაკაცი, რომელიც ჩიტს გურამის სახელით გაეცნო.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, მზარეულის დამხმარე რესტორნის დარბაზში გამოსულა და დამსწრე საზოგადოებისთვის უთქვამს, 1 000 გრივნიანი ხურდა ფულებად დაგვიშალეთ, კერძზე გვაკლდებაო. სასურველი თანხის მოპოვების შემდეგ ახალგაზრდა უკრაინელი კლავ სამზარეულოში შებრუნდა და ამ დრომდე აღარ დაბრუნებულა.
9 მილიონი გრივნა ცხელ-ცხელად, გამზადებისთანავე, გამოუტანეს სააკაშვილს, რომელმაც არც აცია, არც აცხელა, პირდაპირ ებრდღნვა მის წინ დადებულ თანხას და ბოლომდე გადასანსლა.
აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, ქართველი პოლიტიკოსები, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს იუსტიციის სამნისტრო და სხვანი, იუწყებიან, რომ ახლა ნათელია თუ სად წაიღო სააკაშვილმა ის 19 მილიარდი დოლარი, რომელიც საქართველოდან სასწაულებრივად გაქრა და ამ დრომდე არ აღმოუჩენიათ.