პროექტი CheckInGeorgia ბიუჯეტისგან დამატებით 9 მილიონ ლარს ითხოვს

3,803 ნახვა 0 სგ
0 სგ

კულტურის სამინისტროსა და მინისტრის საძმოს ერთობლივი პროექტი Check-in Georgia, ბიუჯეტიდან დამატებითი 9 მილიონის გამოყოფას ითხოვს. 

როგორც პროექტის მესვეურები აცხადებენ, პროექტისთვის თანხის გადარიცხვა გადაუდებელი საჭიროების გამო მოითხოვეს. 

"ყველა მომღერალი და ფესტივალი წინასწარ იყო გაწერილი, მაგრამ დაგვემატა გაუთვალისწინებელი ხარჯი, რომელის უგულვებელყოფაც შეუძლებელია. ამიტომ იძულებულნი ვართ დაფინანსება გავზარდოთ. ამ გაუთვალისწინებელ ხარჯს 9 მილიონი სჭირდება და იმედი გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიძებნება შესაბამისი სახსრები." განაცხადა მიხეილ გიორგაძემ ჩიტთან საუბარში. 

კულტურის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლები გაუთვალისწინებელი პრობლემის შესახებ ღიად არ საუბრობენ. თუმცა, ჩვენ ქართული კულტურის კულუარებიდან ექსკლუზიური ინფორმაცია მაინც მოვიპოვეთ და შესაბამისად ჩვენს ერთგულ მკითხველს ექსკლუზიურადვე გთავაზობთ. 

როგორც აღმოჩნდა, CheckInGeorgia-ს ფარგლებში საკუთარი კონცერტის გამართვა მონდომებია ბერა ივანიშვილს. სწორედ მის კონცერტზე მსმენელის მიყვანისთვის ესაჭიროება CheckInGeorgia-ს დამატებითი 9 მილიონი. 

აბსტრაქტული გრემის მფლობელ მომღერალს კონცერტის გამართვაზე უარი ვერ უთხრეს. შესაბამისად, კულტურის მუშაკებმა მისთვის ტყუილი ივენთის ჩატარება განიზრახეს, თუმცა მოხალისეებს ვერ მიაკვლიეს და შოუს ჩატარებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გახდა საჭირო.

"ბატონი ბიძინი უკვე გაბრაზებულია და არ გვინდა ბოსიც გავაბრაზოთ", განუცხადა ჩიტს კულუარულმა კულტურულმა წყარომ. 

ბერას კონცერტზე 30 ათასი მსმენელის მიყვანა იგეგმება. თითოეულ მათგანს სამინისტრო 300 ლარს გადაუხდის. 

"გარკვეულ წილად ეს დასაქმების პროგრამადაც შეიძლება ჩავთვალოთ," აცხადებენ პირად საუბრებში ქართული ოცნების წარმომადგენლები. 

კონცერტზე დასწრების საფასურს მსმენელები მას შემდეგ მიიღებენ, რაც სტადიონს დატოვებენ. თუმცა, საზღაურის მიღებისთვის კიდევ ერთი პირობის შესრულებაა საჭირო. ყველა მთაგანმა თავი უნდა მოიკატუნოს, რომ კონცერტი და სიმღერები ძალიან მოსწონს და რამდენიმე საათი ბედნიერი იყოს. 

კონცერტზე დამსწრეთა რეაქციებს და სახეებს დრონებით დააკვირდებიან და თუ აღმოჩნდება, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ბედნიერება და ოცნების ასრულება საკმარისად კარგად ვერ გაითამაშა, მისი კუთვნილი 300 ლარი, სხვა დამსწრეებზე გადანაწილდება.

ქართული კულტურისა და ოცნების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული კონცერტისა და თავის მასობრივი მოკატუნებით, ბატონ ბიძინს და ბერას გულს მოულბობენ და ჩვენზე შემოუბრუნებენ.

კომენტარები