7 ნიკუშა შენგელაია, რომელსაც ექსპერტული შეფასებებისთვის ეთერში აღარ იწვევენ

10,397 ნახვა 1 სგ
1 სგ

სატელევიზიო ეთერებში ყველანაირად კომპეტენტური და საინტერესო სელებრითებისა თუ უბრალოდ ლამაზი ადამიანების მიწვევა დღეს აღარავის უკვრის, მაგრამ იყო დრო, როდესაც ეს ნიშა მხოლოდ ერთ ნიჭიერ და განსაკუთრებულ ადამიანს ეჭირა. ეს იყო ნიკუშა შენგელაია, რომელიც დიდი ხანია აღარ გამოჩენილა თოქ-შოუებში და მაყურებელს თავი ძალიან მოანატრა.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ნოსტალგიურ პოსტს და წარმოგიდგენთ 7 ნიკუშა შენგელაიას, რომელსაც ექსპერტული შეფასებებისთვის ეთერში აღარ იწვევენ:

1. ყოვლისმცონდე ნიკუშა შენგელაია

ყოვლისმცოდნე ნიკუშა შენგელაიასთვის არ არსებობს თემა, რომელზეც მას საუბარი არ შეუძლია. თოქ-შოუს პროდიუსერები მას თამამად ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ: "ნიკუშა, დღეს ვსაუბრობთ აბორტის თემაზე..." "აბაროტის?" - ჩაეკითხებოდა ნიკუშა. პროდიუსერი, რომელიც აბაროტსა და აბორტს შორის განსხვავებას ვერ ხედავდა ყოვლისმცოდნე ნიკუშას დაეთანხმებოდა და ეთერში მისვლის დროსა და ადგილზეც შეუთანხმდებოდა. იქ მისულ ნიკუშას კი, ცხადია, სხვა თემა ხვდებოდა, მაგრამ ის არ იბნეოდა! მას აბორტზე საუბარიც იმავე წარმატებით შეეძლო, როგორც აბაროტზე. მისი დამაჯერებელი ტონი და ხავერდოვანი ხმის ტემბრი უმალ აჯადოებდა მაყურებელს.

2. ბოი-სკაუტი ნიკუშა შენგელაია

ბოი-სკაუტი ნიკუშა შენგელაია ყოველთვის მზადაა, ანუ როგორც ბოი-სკაუტების სლოგანი გვეუბნება: "იყავი მზად!" მისთვის არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, დრო, მანძილი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არც - თემა და ა.შ. თოქ-შოუს პროდიუსერებს მასთან დარეკვა ნებისმიერ დროს შეეძლოთ. გადაცემის დაწყებამდე 10 წუთით ადრეც კი. ნიკუშა ყოველთვის მზად იყო სტუდიაში მისასვლელად და ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. სამწუხაროდ ასეთი ნიკუშა შენგელაიები დღეს აღარავის სჭირდება.

3. ნაკითხი ნიკუშა შენგელაია

ნაკითხ ნიკუშა შენგელაიას წაკითხული აქვს უამრავი წიგნი, მათ შორის დოსტოევსკიც. სატელევიზიო გამოსვლებისას ნაკითხი ნიკუშა შენგელაია ხშირად იყენებს ციტატებს კლასიკური ლიტერატურიდან და თოქ-შოუების აურას აესთეტიურებს. ნაკითხი ნიკუშა შენგელაია არის ის, რაც ძალიან აკლია დღევანდელ სატელევიზიო ეთერს და უნაკითხნიკუშობა ერთი-ორად სწევს დაბლა გადაცემების ინტელექტუალურ მხარეს.

4. ზომიერად თანამედროვე ნიკუშა შენგელაია

ზომიერად თანამედროვე ნიკუშა შენგელაია შეგიძლიათ მიიწვიოთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა "უნდა ეკეთოს თუ არა კაცს საყურეს!" ნიკუშა შენგელაიას ეს ტიპი განსაკუთრებით გამოსადეგია, როცა თქვენი არხის ხელმძღვანელობას არანაირი პრობლემა არ აქვს ტელევიზიის პრაიმ-ტაიმში მსგავსი თემატიკის მქონე თოქ-შოუ გაუშვას. ზომიერად თანამედროვე ნიკუშა შენგელაია არის დახვეწილი, დინჯი და თქვენი მაყურებლის რიგებში ამბივალენტურობას გამოიწვევს. მაგალითად, გადაცემის გასვლის შემდეგ ძალიან თანამედროვე ახალგაზრდები დაწერენ, რომ გასაოცარია, როცა ერთადერთი ადეკვატური პიროვნება ნიკუშა შენგელაია იყო, ხოლო კონსერვატორი ადამიანები იტყვიან, რომ ნიკუშას მთლად ყველაფერში არ ეთანხმებიან, მაგრამ ძალიან დასტოინად ილაპარაკა. ნიკუშა აუცილებლად გაიხსენებს ნამდვილ მამაკაცებს, რომლებსაც საყურე ეკეთათ და "გემს აქ ვერ ვხედავ, შე დედამოტყნულო" ანეკდოტსაც გაკვრით ახსენებს. ზომიერად თანამედროვე ნიკუშა შენგელაია საუკეთესო იქნებოდა მანჩო გიორგობიანთან ერთად. ზომიერად თანამედროვე ნიკუშა შენგელაია ხშირად ამბობს ფრაზას: "იცით, მე ჰომოფობი არ ვარ, რა თქმა უნდა, ეს ხალხი არ უნდა დავხოცოთ, მაგრამ ეხა, პროპაგანდა-ც(!), ნუ, ხო ხვდებით, რა..."

5. სახალხო დიპლომატი ნიკუშა შენგელაია

სახალხო დიპლომატი ნიკუშა შენგელაია ძალიან ფრთხილი და დიპლომატიურია. მისი გაცურება შეუძლებელია. ის გმობს რუსეთის პოლიტიკას, მაგრამ ამბობს, რომ ხალხს უყვართ ერთმანეთი. სახალხო დიპლომატი ნიკუშა შენგელაია თოქ-შოუებში რუხი კარდინალის როლს თამაშობს, ის მკვეთრი პოზიციების დაფიქსირების საშუალებას ოდიოზურ და ანგაჟირებულ ადამიანებს აძლევს, ხოლო თვითონ დამაჯერებელ და ჩახლართულ პასუხებს იძლევა. არსებობს შანსი, რომ სახალხო დიპლომატმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში ერთხელ მაინც ახსენოს ტალეირანი.

6. დიდი გამოცდილების მქონე ნიკუშა შენგელაია

დიდი გამოცდილების მქონე ნიკუშა შენგელაიას პლანიც მოწეული აქვს, ქალებშიცაა ნამყოფი, რუსეთშიცაა ნაგულავები, ამერიკაც ნანახი აქვს და ამსტერდამიც, გეი ძმაკაციც ჰყოლია და ყანწითაც დაულევია სადღეგრძელო, საკეს გემოც იცის და ჭაჭისაც, ცხენზეც მჯდარა და იახტითაც უგულავია, გზა ურმიდანაც დაუნახავს და გადაბრუნებულის უკნიდანაც, ქიციც იცის და ქიცმაცურიც, კარაოკზეც უმღერია და სუფრაზე ხმებშიც გაუშლია. ჰოდა, კაი რო იყოს თქვენ დაასწრებდით?

7. შეწუხებული ნიკუშა შენგელაია

შეწუხებული ნიკუშა შენგელაია შეწუხებულია იმით, რომ ყველა თემაზე მას იწვევენ სალაპარაკოდ, მაგრამ მას კარგად ესმის, რომ ქვეყანაში და განსაკუთრებით რეიტინგული თოქ-შოუების მაყურებლისთვის, არსებობს მისი საჭიროება. ის ვერ დააღალატებს ტოპ ჟურნალისტებსა და საუკეთესო ტელეწამყვანებს, ამიტომ გადაცემაში მოვა, მაგრამ შეწუხებული იქნება. ან შეიძლება პახმელიაზეცაა.

როგორც ხედავთ ქართული ტელე-სივრცე ამ შვიდი ნიკუშა შენგელაიას გარეშე ისეთი ლამაზი და დასტოინი აღარ არის.

კომენტარები