ლევან ვასაძემ "მე და საზოგადოებაში" შესატანი ცვლილებების პაკეტი წარმოადგინა

5,447 ნახვა 0 სგ
0 სგ

ქართველი რაინდი ლევან ვასაძე განაგრძობს საზოგადოების გაჯანსაღებისთვის ბრძოლას და განათლების სამინისტროს საგან "მე და საზოგადოებაში" შესატან ცვლილებებს სთავაზობს. 

მორაინდო სუბიექტის აზრით, საგანი ქართულ რეალობასა და საზოგადოებრივ სტრუქტურას უნდა მოერგოს და მოსწავლეებს გზა უნდა გაუხსნას ხსენებულ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის:

"სკოლამ ბავშვი უნდა მოამზადოს ცხოვრებისთვის. ეს ფუნქცია ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა. ბავშვი სკოლაში იღებდა აკადემიურ განათლებას, ხოლო ცხოვრებისეულს ე.წ. ქუჩის აკადემიაში." 

ვასაძის თქმით, ნაციონალებმა ქუჩის აკადემია მოსპეს, ამიტომ ბოლო 9 წლის განმავლობაში აღზრდილი თაობა ძალიან მყიფე და უსუსრია და ამიტომაც ახერხებს ლიბერალიზმი მათ ჩათრევას და გახრწნას. მისივე დაძენით, ქუჩის აკადემიის აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ქართველი მექუჩეები, ქურდები და ძველი ბიჭები რუსეთში გადავიდნენ და საქართველოს ბაზარი მათთვის უინტერესოა. 

"ჩვენ მივიღეთ ის, რომ მენტალური ინვესტორები წავიდნენ სხვა ქვეყნებში და ჩვენი საზოგადოება მორალურად გაკოტრდა." განაცხადა ვასაძემ. 

ვასაძის აზრით, ამ პრობლემის გამოსწორება ქუჩის აკადემიის სკოლაში ინტეგრაციით არის შესაძლებელი. ამიტომ "მე და საზოგადოება" მთლიანად უნდა გადაიწეროს და მოერგოს იმ მენტალურ მოდელს, რომელიც ქართული საზოგადოების მორალურ აღორძინებას შეუწყობს ხელს. 

"ეს უნდა მოხდეს თითოეული სიტყვის ხარჯზე. მაგალითად, ყველგან სადაც წერია ტოლერანტობა, უნდა ჩაიწეროს 'გაგება' ანუ თუ ვიღაცას რამე შეეშლება, უნდა გავუვუგოთ." ამბობს ვასაძე. 

მისი შენიშვნების მიხედვით, საგანის მიზანში გაწერილი "ხელი შეუწყოს პიროვნების აღქმას" უნდა შეიცვალოს შემდეგი მიზნით: "შევასწავლოთ ბავშვს თავისი პიროვნების ახსნა!" 

ლევან ვასაძის თქმით, ვინმეს შეიძლება მისი შენიშვნები გადამეტებულად და ზედმეტად ქუჩურად მოეჩვენოს, მაგრამ მისივე თქმით, თუ გადავხედავთ საქართველოს ისტორიას, ძველი ბიჭები და კაი ბიჭები საზოგადოების ბურჯები და საყრდენები მუდამ იყვნენ და სწორედ მათი ხელშეწყობით ხდებოდა ე.წ. შკოლნიკების გაქაჩვა, საწარმოებსა და უბნებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წამოწევა და ბოლო და ბოლოს ყველა კაი ბიჭი, ძველი ბიჭი და ქურდი მართლმადიდებურ სარწმუნოებას მიჰყვებოდა, რაც თავისთავად მიანიშნებს, იმაზე, რომ მათი ღირებულებითი სისტემა უკვდავი და მართალია. 

"უამრავი ქართველი ქურდი და კაი ბიჭი სწირავდა ეკლესიას ფულს და აშენებდნენ ტაძრებს, ეს ხალხი არამარტო მორალური და მენტალური, არამედ სულიერი სტაბილურობის სადარაჯოზე იდგნენ. თუ დაუკვირდებით, ლიბერალებისგან განსხვავებით, ისინი ტატუებს ეკლესიის გუმბათების, ჯვრებისა და ხატების სახით იკეთებენ, რაც კიდევ ერთი ნიშანია მათი სულიერი სიძლიერისა." ხელები გასავსავა მან. 

ერის თვითგამოცხადებული იდეოლოგიური მამა, ასეთი მიდგომის სხვა ბენეფიტებსაც გამოჰყოფს:

"ქურდები, კაი ბიჭები, მაყურებლები და უბნის ავტორიტეტები წარმატებული და კარგი მენეჯერები არიან. მათ ხშირად უწევთ სხვადასხვა რაოდენობის ადამიანების, წილებისა და ბიზნესების მართვა. ამიტომ მათ მიერ შემოტანილი მიდგომა, რომელიც შეცდომის დაშვებასა და არასწორ ნაბიჯს მკაცრად სჯის, განაპირობებს ადამიანების მეტ კონცენტრირებას პრობლემებსა და მათ მოგვარებაზე." 

ვასაძე მზად არის უზრუნველჰყოს შესაბამისი კადრების მოძიება და გადამზადება თავისი ხარჯებით. 

შენიშვნების დასკვნით ნაწილში ვასაძე წერს, რომ მისი შეთავაზება არ უნდა აღვიქვათ როგორც მოწოდება კრიმინალური მენტალიტეტის წახალისებისკენ, რადგან აღნიშნული ღირებულებითი სისტემა უნდა იყოს ფუნდამენტი, რომელზეც დაშენდება მომავალი თაობების მორალი და ამ წეს-ჩვეულებებისა და კანონების პირდაპირი კოპორება დაუშვებელია. თუმცა, თუ რომელიმე ბავშვი აირჩევს შავი სამყაროსკენ სვლას ამაში ხელი არ უნდა შევუშალოთ, რადგან - ჯერ ერთი ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა და მეორეც იდეოლოგიას სჭირდება ახალი დამცველები და ტრადიციების გამგრძელებლები. 

რაინდის მიერ შედგენილი დოკუმენტი უკვე გადაგზავნილია განათლების სამინისტროში. თამარ სანიკიძესა და საგანზე მომუშავე ჯგუფს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები