თბილისი - არასამთავრობო ორგანიზაცია "ეპიკი" (ეროვნულ-პატრიოტული ინსტიტუტების კავშირი) სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი დეარავამ საზოგადოებას ლარის ახალი ლოგოს ნამდვილი მნიშვნელობა გაანდო.
"ეს არის ეშმაკეული სიმბოლო, რომელიც ევროკავშირის სპეციალური პროგრამის ფარგლებში შემოიღეს საქართველოში. თუ დააკვირდებით, ასო ბგერა ლანს ანუ ლ-ს აქვს ორი რქა გაკეთებული, როგორც ევროს. ლ აღნიშნავს - ლუციფერს და სიმბოლურად აქვს ორი რქა. ევროს შემთხვევაში საქმე გვაქვს ეშეთთან (სწორედ ამ სიტყვიდან მომდინარეობს ქართული სიტყვა ეშმაკი), რომელიც კაბალას მიხედვით სიძვის ცოდვის გამავრცელებელია. ცხადია, ამაში არის დიდი სიმბოლიზმი, რადგან ევროპაში სიძვა და მრუშობა მიღებული მოვლენაა, იქ ასევე არის ერთსქესიანთა ქორწინება. ეს ყველაფერი კი დაიწყო სწორედ ევროს და ევროს სიმბოლოს შემოღების შემდეგ, მას შემდეგ რაც ნიდერლანდები გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც დააკანონა ჰომოსექსუალთა ქორწინება." განაცხადა დეარავამ.
ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს ეშმაკეული სიმბოლოებით დაბეჭდვა ჯერ კიდე სააკაშვილის პერიოდში დაიწყო, როდესაც შეიქმნა ახალი ჰიმნი. "მოგეხსენებათ, ჩვენს ახალ ჰიმნში არის ასეთი ბწკარი: ცისკრის ვარსკვლავი ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება. საზოგადოების დიდმა ნაწილმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ცისკრის ვარსკვლავს ბიბლიურად ლუციფერი ჰქვია, მეცნიერულად კი ვენერა. რომელიც ღამის ცაზე თავისი გადაადგილებით პენტაგრამას, ანუ ხუთქიმიან ვარკვლავს ხატავს, რაც არის ბაალის სიმბოლო." დასძინა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
"ეპიკის" წევრები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას შეაჩეროს საქართველოს დემონიზაცია და ჯოჯიხეთური უფსკრულისკენ სვლა. აღნიშნული ორგანიზაციის წევრები, ქართველ ერს მოუწოდებენ საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილ აქციაზე მისვლას, რომელიც გაიმართება ხვალ, 22 ივლისს.