საქართველო "Doing Religious Business" რეიტინგში პირველ ადგილზეა

4,083 ნახვა 5 სგ
5 სგ

თბილისი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ და მსოფლიო ბანკმა ერთობლივი კვლევა “რელიგიური ბიზნესის წარმოება 2014” გამოაქვეყნეს, რომელშიც საქართველომ კიდევ ერთი ადგილით წაიწია წინ და ამჟამად პირველ ადგილზეა 183 ქვეყანას შორის.

აღნიშნული კვლევა ისეთ სფეროებს შეისწავლის, როგორიცაა: გადასახადების არ გადახდის პროცედურები, ეკლესიის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვები, ქონების მიტაცების სიმარტივე და სხვ. ამ სფეროებში გატარებული რელიგიური რეფორმებით საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა, ამბობს ძველი მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელი, მართლმადიდებელი ექსპერტი ლაშა ჟვანია:

“უპრეცედენტო მოვლენაა, როდესაც განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანა ხვდება ასეთ პრესტიჟულ რეიტინგში, პირველ ადგილზე და ეს შესაძლებელი გახდა მეთოდურად, რამდენიმე წლის განმავლობაში მართლმადიდებლური რეფორმების კეთებით, ამ წარმატებაში ორივე მთავრობას მიუძღვის უდიდესი წვლილი და იმედს ვიტოვებთ კიდევ დიდხანს დავრჩებით ამ რეიტინგში პირველ ადგილზე”

საქართველოში რელიგიური ბიზნესის წარმოების მიმზიდველობას და სიმარტივეს ხაზს უსვამს ბევრი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია თავის დამოუკიდებელ ანგარიშებში. მსოფლიო ბანკის "მრწამსით ვაჭრობის" მაჩვენებლით 2011 წელს საქართველო იყო მე-10 ადგილზე 183 ქვეყნიდან, ხოლო "2013 წლის სინდისისგან თავისუფლების" მაჩვენებლით საქართველომ დაიკავა მე-3 ადგილი მსოფლიოში.

მართლმადიდებლური ბიზნეს-კლიმატის გასაუმჯობესებლად 2004 წელს მთავრობამ საფუძვლიანად განაახლა საგადასახადო სისტემა და ლიბერალური რეფორმის განხორციელების შედეგად საქართველომ რელიგიური ორგანიზაციებისთვის გადასახადების გადახდის პროცედურები გაამარტივა, შემდეგ კი სრულიად გააუქმა. 2008 წელს Forbes Magazine-მა საქართველო მსოფლიოში  “მე-4 ყველაზე სიმბოლური გადასახადების მქონე ქვეყნად” დაასახელა.

მას შემდეგ ქვეყანამ განაგრძო ფართომასშტაბიანი პროგრამა მართლმადიდებლურ-სამეწარმეო საქმიანობის დაწყების გამარტივებით და სახელმწიფო ბიუჯეტიდან უვადო და უფასო კრედიტებზე საქართველოს საპატრიარქოს ხელმისაწვდომობის გაზრდით. წელს კი, პირველად, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა ეკლესიის მიერ ქონების რეგისტრაციის სიმარტივის ინდექსით.

“ღმერთმა დაგლოცოთ, და გაგაძლიეროთ” ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს პრეს-მდივანი და ბიზნეს-ომბუდსმენი, მამა მიქაელ ბოტკოველი საქართველოს პირველობას აღნიშნულ რეიტინგში.

კომენტარები