ტურიზმის დეპარტამენტის ახალი ინიციატივა ფესტივალებთან დაკავშირებით

5,608 ნახვა 4 სგ
4 სგ

თბილისი - ტურიზმის დეპარტამენტი პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შევა, რომლის მიზანიც საქართველოში ჩასატარებელი მუსიკალური ფესტივალების მორალურ ჩარჩოებში მოქცევა იქნება.

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი სიგუამ დღეს განაცხადა, რომ  საქართველოში ორი მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი იგეგმება - ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში და სიმღერის ფესტივალი ბათუმში.

როგორც "ჩიტისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი სიგუამ, "კვირის პალიტრასთან" მიცემული ინტერვიუს შემდეგ, ახალ კანონპროექტზე მუშაობა ზუსტად 3 საათში დაასრულა და სამუშაო ვერსია საპატრიარქოს, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირსა და გედევან ფოფხაძეს გადაუგზავნა შესასწავლად. 

კანონპროექტის მიხედვით, იგეგმება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც დაარეგულირებს ტურისტების ქცევას ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე. მაგალითად, თუ პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც მუსიკალურ ფესტივალებზე წესრიგს დაიცავენ, გაუჩნდებათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ  ორი ტურისტი სექსით დაკავებას აპირებს, ისინი ვალდებულები იქნებიან მაშინვე მოახდინონ ქორწინების გარეთ სექსუალური აქტის პრევენცია ან მობილური "იუსტიციის მანქანებით" მიადგნენ დამრღვევებს და სულ რაღაც 5 წუთში, რიგისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მოახდინონ ქორწინების გაფორმება.

ასევე, სამუშაო ვერსიაში საუბარია იმაზეც, რომ ფესტივალის ფარგლებში ნამღერ ან გამიქსულ ყველა სიმღერაში იკრძალებოდეს ღმერთის ხსენება, თუ ეს არ არის საგალობელი, ან მერაბ სეფაშვილის სიმღერა "გული გაუყოფელი" ("ღმეერთო გადამირჩინე, გული გაუყოფელი, ღმეერთო გადამირჩინე, წუთი წუთისოფელი"). 

სიგუას თქმით, ანაკლია გახდება პუფების ქალაქი, რადგან მოგეხსენებათ, ფესტივალის პერიოდში მსუბუქი ნარკოტიკების მიღებაც კი გაკონტროლდება, შესაბამისად ხალხის გართობა მხოლოდ მინიმალის მოსმენითა და ერთმანეთთან "აბშენიით" იქნება შესაძლებელი, ამისათვის კი ბევრი პუფი, სიგარეტის მოსაწევი ადგილები და სხვა ასეთი სოციალური წერტილები იქნება საჭირო. "თუ ეკლესიას რამე შენიშვნა ექნება მე აუცილებლად გავითვალისწინებ." დასძინა სიგუამ. მან ასევე გაგვიმხილა, რომ იგეგმება ტურისტებისთვის ჭადრაკის, შაშის, ფურთის, ბადმინტონის და სხვა მსგავსი გასართობი საშუალებების შეთავაზება. 

სიგუას აზრით, აღნიშნული ფესტივალი პატიოსნებას მოწყურებულ ტურისტებს მოიზიდავს, რომელთაც ამ გარყვნილ მსოფლიოში სხვაგან წასასვლელი აღარ აქვთ. 

 

კომენტარები