წმინდა სინოდი ყველაზე რაციონალური სურვილის ჩამთქმელს ეძებს

12,458 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 6 იანვარი - წმინდა სინოდი და სრულიად ქართული ეკლესიის მსახურები ყველაზე რაციონალური სურვილის ჩამთქმელს ეძებენ. შეგახსენებთ, რომ დღეს დილას სახლებიდან გამოსულ სასულიერო პირებს თავიანთი ჯიპები ადგილზე არ დახვდათ. აღნიშნულის გამო ვერც ერთი მათგანი მთაში ვერ წავიდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასულიერო პირების მფლობელობაში არსებული ჯიპები რაღაც სასწაულის მეშვეობით თვითონ წავიდნენ მანქანების ბაზრობაზე, გაიყიდნენ და გაჭირვებულებს ფულად დაურიგდნენ. სინოდის რიგგარეშე სხდომაზე უმაღლესმა სამღვდელო პირებმა ერთხმად დაასკვნეს, რომ აღნიშნული მოვლენა მამა გაბრიელის მიერ სურვილების ასრულებას უკავშირდება. "როგორც ჩანს ვიღაც ჭკვიანმა ჩაუთქვა ეს სურვილი და აუხდა კიდეც." - განაცხადა პატრიარქის პრეს-მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა. მისი თქმით, ეს მისასალმებელი ფაქტია და სურვილის ავტორს მოუწოდებს გამოცხადდეს უახლოეს ეკლესიაში, რათა ჯილდოდ მადლობის სიგელი და ლოცვა-კურთხევა გადაეცეს.

აღნიშნულ სურვილს უპასუხისმგებლობას უწოდებს მამა იობი, "უკეთესი იქნებოდა გავეფრთხილებინეთ ამ ადამიანს. ჩვენ ყოველდღე დავდივართ მთაში და კლდე-ღრეში, იქ რა გვინდა არ ვიცი, მაგრამ ჯიპები გვჭირდება და ახლა რა ვქნათ? რითი წავიდეთ?" - მშვიდად, თუმცა ჩვეული გოროზით დასძინა მეუფემ.

როგორც ჩიტს საპატრიარქოდან აცნობეს, მრევლი ახალი ჯიპების შეძენას ვერ ახერხებს, რადგან საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებების მიერ აღნიშნული პროდუქტი მთლიანად იქნა ათვისებული და "წამლად რომ გინდოდეს ჯიპს მაინც ვერ იშოვი."

ჯიპების ექსპროპრიაციის ფაქტმა გაუგებრობა შექმნა მრევლში, უჯიპოდ დარჩენილი "მამაოები" მთებში ირმებ შებმული მარხილებით წავიდნენ, რის გამოც ისინი მოქალაქეებს სანტა-კლაუსებში აერიენ და სურვილების ასრულება ან ერთი ბოთლი ლიტრიანი კოკა-კოლის გადაცემა მოსთხოვეს.

კომენტარები