თამაზ ტყემალაძე: "მაუწყებელს ლატე ძვირი უჯდებოდა!"

7,298 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი, 29 ოქტომბერი, - ელვის სისწრაფით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა “წითელი ზონა” დეკემბრიდან აღარ გავა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის უვადო შემსრულებლის, თამაზ ტყემალაძის განცხადებით, საკმარისია ხალხის ფულის უმიზნოდ ხარჯვა.

“გოგის არ მოსწონდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბუფეტის მენიუ და სულ წუწუნებდა, რომ ყავის ასორტიმენტი იყო შეზღუდული და შემოიფარგლებოდა მხოლოდ ნალექიანი ან რასტვარიმი ყავით. რამდენიმე თვის წინ ბორდმა შესთავაზა გვახარიას თავად ეპოვა მისთვის და მისი შემოქმედებითი ჯგუფისთვის ლატეს სპონსორი, რასაც მოჰყვა კიდეც პირველი სერიოზული განხეთქილება. მაშინ რადიო თავისუფლებამ დააფინანსა ნახევარი წლის სამყოფი ლატე და წითელი ზონის მუშაობაც ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა. თუმცა ახალი სეზონის ბიუჯეტში ეს თანხები არ ზის, და უკაცრავად ეხლა, ჩვენ არ გვაქვს მაგის ფუფუნება, აქ საზოგადოებრივი მაუწყებელია და არა შანზ-ელიზე.” - განუცხადა ტყემალაძემ ჩიტს.

ჩვენს შეკითხვაზე, თუ არა ლატეს, აბა რისი ფული აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, თამაზ ტყემალაძემ გვიპასუხა, რომ მაგალითად კორკოტას გადაცემისთვის ცხვარი და ოციანი ბევრად უფრო იაფი ჯდება, და შესაბამისად საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტიც სწორედ ასეთი გადაცემების დაფინანსება იქნება.

ჩიტმა აღნიშნულთან დაკავშირებით გოგი გვახარიას კომენტარის მოპოვება სცადა, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა, მოგვიანებით კი დაგვიმესიჯა “ar mcalia :((“

[updated] როგორც ამ წუთებში გახდა ცნობილი, სამოქალაქო საზოგადოება გადაცემის დახურვის გასაპროტესტებლად გაბრიაძის კაფეში შეიკრიბა და იქვე გამოვიდა ინიციატივით, გადაცემაზე მომუშავე გუნდი ლატეთი ყოველთვე საკუთარი სახსრებით მოამარაგოს.

პარალელურად კი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ბრბოა მობილიზებული, სადაც ირაკლი კაკაბაძესაც ელოდებიან, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზიასთან მივარდნას და მის კიბეებზე ე.წ. თურქული ყავის დემონსტრაციულად დანარცხებას აპირებს.

კომენტარები