საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმი
საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭო, მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარებული საგამოძიებო და ხარისხის კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ადგენს:
შეუჩერდეს ავტორიზაცია საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს.
ავტორიზაციის შეჩერების საფუძვლად საბჭომ მიიჩნია ძიების პროცესში აღმოჩენილი შემდეგი დარღვევები:
- საბჭო ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაცია “იუნესკოს” დასკვნას, რომლის საფუძველზეც აგრარულ უნივერსიტეტი ამოღებული იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან არასწორად ჩატარებული რემონტის გამო. რესტავრაციის დროს დარღვეული იქნა კონსერვაციის წესები და დროის ქარტეხილების მიერ უნივერსიტეტის კედლებზე შესრულებბული ბზარები არაადამიანურად იქნა ამოვსებული. ჭერის შებათქაშების შედეგად გამქრალია სახურავიდან ჩამოსული წყლის ლაქა, რომელსაც ჰქონდა ბოლნური ჯვრის ფორმა და თვითმხილველთა თქმით წვიმიან ამინდში მირონიც სდიოდა. ზემოთხსენებული კედლების გადაღებვას შეეწირა ქართული სტუდენტური ფოლკლორის რამდენიმე მარგალიტიც, “მე შენ მიყვარხარ, როგორც მაწონი / მე შენს სიყვარულს ვეღარ ავწონი.” და სხვ.
- უნივერსიტეტში ჩატარებული სარემონტო სამუშაობის შედეგად, ჭერის ბათქაში შესრულებულია მასალით, რომელიც მაღლა აგდებულ ანთებულ ასანთის ღერს ვერ იკავებს.
- უნივერსიტეტთან არსებულ კულინარიულ სასწავლებელში არ არსებობს სამარხვო კერძების დამზადების კურსი, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის მოსახლეობის 87%-ის ინტერესებს. აღნიშნულ სასწავლებელთან პრობლემა შეექმნა საქართველოს საპატრიარქოსაც, როდესაც მათ თხოვნით მიმართეს კოქტეილების კურსის ხელმძღვანელს, შეეცვალა “სისხლიანი მერის” სახელი “100 000 მოწამით.”
- უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არ მოიპოვება კვალიფიციური მეცნიერების ნაშრომები, მაგალითად, შუშანა ფუტკარაძის და სხვათა სამეცნიერო კვლევები.
- სასწავლებლის ვიდეოთეკაში საბჭომ ვერ აღმოაჩინა ქართული კინემატოგრაფიის ისეთი შედევრები, როგორიცაა: “ჭრიჭინა,” “ბედნიერი შეხვედრა,” “ბანდიტი აგურის ქარხნიდან” და სხვ.
- უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის მეცნიერების მიერ მიმდინარეობდა საშიში ექსპერიმენტები, რომლებიც ემსახურებოდა ხელოვნური ინტელექტის შექმნას. შესაბამისად, “ტერმინატორის” და “ტრანსფორმერების” სცენარის საქართველოში განვითარების თავიდან ასაცილებლად საბჭომ ავტორიზაციის ჩამორთმევისას ამ მიზეზითაც იხელმძღვანელა.
- აგრარულ უნივერსიტეტში არსებული მერხების ზომა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციურ ნორმებს. აღნიშნული მერხების გარშემო შეუძლებელია ერთდროულად 4 ადამიანის დასხდომა, რაც სტუდენტებს ხელს უშლით “ჯოკრის” თამაშში. მერხების ზედაპირის ფართობზე შეუძლებელია დაეტიოს, ფურცელი (A4), კალამი, ერთი დასტა ბანქო კოზირის ამოსატრიალებლად და წაღებული კარტების ჯვარედინად დალაგების შემთხვევაში. - პრობლემის გამოსასწორებლად აგრ. უნივერსიტეტს მიეცეს 2 თვე.
- უნივერსიტეტის შენობა მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, რის გამოც 3 ლარიანი ტაქსები იქ დადიან 5 ლარად. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ საბჭოს რეკომენდაცია, გადმოეტანა შენობა და ეზო სადმე ვაკისკენ, უგულვებელჰყო.
- უნივერსიტეტის სახელის შეცვლა დისკომფორტის შემცველია ბევრი ადამიანისთვის. ბატონ ბიძინას ჯერ მარტო სიტყვა “გენდერი” აქვს ნასწავლი და არ იცის რა არის “აგრარული.” საბჭოს თხოვნას, დაებრუნებინათ ძველი სახელი “სასოფლო,” უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უარით უპასუხა.
აღნიშნული მიზეზების გამო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ დაადგინა, შეუჩერდეს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია, ხოლო სტუდენტები გადავიდნენ ჯიპაში.