სარკოზის ვიზიტის დეტალები

3,716 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 3 ოქტომბერი - როგორც ცნობილია, 6-7 ოქტომბერს თბილისს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ეწვევა. ხმები მისი ვიზიტის შესახებ დიდი ხნის წინ გავრცელდა ქართულ მედია საშუალებებში, თუმცა არ კონკრეტდებოდა ვიზიტის ზუსტი თარიღი.
დღეს კი, როცა გარკვეულია ტექნიკური და საორგანიზაციო დეტალები, კვლავ ღიად რჩება კითხვა - რატომ ჩამოდის სარკოზი თბილისში?
დღეს დილით “ჩიტს” ანონიმურად სანდო წყარომ, რომელიც სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებულ პირად მოიაზრება, საინტერესო დოკუმენტი მოაწოდა.
დოკუმენტში დაწვრილებით არის გაწერილი სარკოზის ქართული ვოიაჟის გრაფიკი. გრაფიკის ოფიციალური ნაწილი ყველასთვის არის ცნობილი, ამიტომ ყურადღებას არაოფიციალურ ნაწილზე შევაჩერებთ,
მაშასადამე, ნიკოლა სარკოზი ოფიციალურ პირებთან ერთად შუალედში შეხვედრას გამართავს ვინმე ბაირამ სუხიშვილთან და ამარეტა ნალბადიანთან. ვინ არიან ისინი?
“ჩიტის” რეპორტიორებმა პირადი კონტაქტების გამოყენებით ამ ორი ადამიანის სრული ბიოგრაფია მოიძია.
ბაირამ სუხიშვილი, იგივე “სუხო”, წარსულში არაერთგზის ნასამართლები ე.წ. კანონიერი ქურდია. ამჟამად ბატონი ბაირამი ერთერთი საზოგადოებრივი კვების ობიექტის საერთო მენეჯმენტს ეწევა.
ამარეტა ნალბანდიანის წარსულიც კრიმინალურია. 59 წლის ამარეტა ნალბანდიანს სამჯერ აქვს სასჯელი მოხდილი. პირველად ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, მეორედ პროსტიტუციის ბრალდებით, მესამედ კი ტრეფიკინგის გამო. მის სახელს უკავშირდება ე.წ. “ავლაბრული დერეფნის” ორგანიზება, რომლის გავლითაც ქართველი, ჩეჩენი და დაღესტნელი ქალბატონები მოტყუებით თურქეთში გადაყავდათ და გზისპირა ბორდელებში სხეულის მაამებელი სამუშაოების შესრულებას აიძულებდნენ. დღესდღეობით ამარეტა დიასახლისია, წარმატებით ზრდის ორ შვილს და კატას სახელად “რომარიო”.
ჩიტის რეპორტიორების კითხვას, ნამდვილად ხვდებიან თუ არა ისინი ნიკოლა სარკოზის, ორივე პიროვნებამ უარყოფითი პასუხი გასცა. დოკუმენტს უწოდეს ყალბი და მოდულის შენობაში შედგენილი “ნახალკა”.
რახან მათგან გულახდილი პასუხის მიღება ვერ მოხერხდა ჩიტის რეპორტიორებმა გააგრძელეს საქმის ძიება და სხვა არანაკლებ საინტერესო დეტალები გამოიტანეს სააშკარაოზე. კერძოდ, გაირკვა, რომ სუხო საზ.კვების ობიექტის პარალელურად მენეჯმენტს უწევს ყოფილი კანონიერი ქურდების იატაკქვეშა ორგანიზაციას. ორგანიზაციის შემადგენლობაში ერთიანდება ყველა ის კანონიერი ქურდი, რომლებიც ცნობილ დაჭერებს გადაურჩნენ. 30 სექტემბერს სუხომ ორგანიზაციის წევრების სასწრაფო თათბირი მოიწვია და ორგანიზაციის წევრებს ყველა იმ კოლეგის გახსენება თხოვა, რომლებიც სპეციფიკურ წრეებში კონფლიქტების დიპლომატიურად მოგვარების უნარით იყვნენ ცნობილები.
საინტერესო დეტალები გაირკვა ამარეტას შესახებაც. მისი უბნელების თქმით ამარეტას ხშირად სტუმრობენ ცოლებისგან რქებ დადგმული მამაკაცები. ყოფილი მამაშა და ნარკოდილერი მათ მინიმალური ანაზღაურების საფასურად პრაქტიკული რჩევა-დარიგებებით ამარაგებს. ჩვენმა რეპორტიორებმა ერთერთ რქებ დადგმულ მამაკაცთანაც მოახერხა დაკავშირება. მან განაცხადა, რომ ამარეტასთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ წარმატებით მოაგვარა ოჯახური კონფლიქტი და ბედნიერი აგრძელებს უღლის ზიდვას.
“ამარეტას ღრმად ესმის ქალის ფსიქოლოგია” დასძენს მამაკაცი
ვფიქრობთ აღარ არის საჭირო იმის განმარტება, რატომ ხვდება ნიკოლა სარკოზი ხსენებულ ორ პიროვნებას. მხოლოდ შეგახსენებთ, რომ მისმა პარტიამ ცოტა ხნის წინ დაკარგა საპარლამენტო უმრავლესობა. თავად სარკოზის კი უახლოესი გარემოცვის წევრებთან ურთერთობა უკიდურესად დაეძაბა. უფრო ადრე კი ოჯახური იდილიაც დაერღვა, როცა ჟურნალისტებმა საფრანგეთის პრეზიდენტს ცოლის ღალატში დასდეს ბრალი.
ჩიტის შემოქმედებით კოლექტივს ბეღურას გულუბრყვილობით სჯერა, რომ ქართველი პროფესიონალები დაეხმარებიან ბატონ სარკოზის პირადი და პროფესიული პრობლემების მოგვარებაში.

კომენტარები