საქართველოს საპატრიარქო სხვადასხვა ლიცენზიების გაცემას იწყებს

5,799 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 7 ნოემბერი - საქართველოს საპატრიარქოსა და დედა ეკლესიის უდიდესი როლი საქართველოსა და ქართველი ერის ცხოვრებაში კიდევ ერთხელ დაფასდება და ამიერიდან აღნიშნული ორგანიაზიის დაუკითხავად ქვეყანაში აღარაფერი გადაწყდება.

თეა წულუკიანმა აღნიშნული ინიციატივის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება საპატრიარქოს მხრიდან ომბუდსმენის კანდიდატურების შერჩევის პროცესში ჩართვას მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ საპატრიარქო მხარს დიმიტრი ლორთქიფანიძეს უჭერს.

საპატრიარქოს ახალი ფუნქციები სულ მალე გაიწერება კანონში.

ამიერიდან ყველა ქართულ სუფრაზე თამადას მხოლოდ საპატრიარქო დანიშნავს. სუფრის წევრების მიერ თამადის შერჩევის შემდეგ კანდიდატმა სპეციალურად გამოყოფილ ნომერზე უნდა დარეკოს და ავტომოპასუხე რობოტს სადღეგრძელო უნდა უთხრას, პროცესის გავლიდან 3 წუთში აღნიშნული პიროვნების მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მივა თამადად დანიშვნის ლიცენზია, ე.წ. "ლოცვა-კურთხევა." ქართველ თამადებს პერმანენტული ლიცენზიის აღებაც შეეძლებათ. სალიცენზიო გამოცდები იუსტიციის სამინისტროში ჩატარდება ადვოკატთა და მოსამართლეთა გამოცდების მსგავსად.

საპატრიარქოსთან ურთიერთობაში ჩაერთო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც. ამიერიდან საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს სპეციალურად გამოყოფილი მღვდლები ე.წ. "მამაოები" უმსაჯებენ. ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში ფეხბურთელებს მეტანიებს გააკეთებინებენ, ხოლო წითელი ბარათის დროს მათ გასახდელის ნაცვლად მონასტერში გააგზავნიან. ქართულ სატრანსფერო ბაზარს ასევე საპატრიარქოს წარმომადგენელი უხელმძღვანელებს, ამ სფეროს პირადად შორენა თეთრუაშვილი და სანთლის ბიზნესში ჩართული პიროვნებები კურირებენ.

საფეხბურთო ცხოვრებაში დედა ეკლესიის ჩართვას ის პლუსიც აქვს, რომ გულშემატკივრების აქტიურობისა და თხოვნის საფუძველზე საპატრიარქომ შეიძლება თემურ ქეცბაია აიძულოს, რათა ამ უკანასკნელმა ნაკრებში ჯაბა დვალი გამოიძახოს.

გარდა ამისა, საპატრიარქოს წარმომადგენლები დასხდებიან სატელევიზიო ტალანტ-შოუების ჟიურიშიც, მაგალითად ნინო ხოშტარიას მაგივრად მამა მიხეილ ბოტკოველი იქნება "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის წევრი. "ნიჭიერის" ჟიურის თვით მეუფე იობი უხელმძღვანელებს და როგორც პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია აღნიშნავს, მეუფე შეიძლება საერთოდ მარტო იჯდეს, რადგან მის უკიდეგანო სიბრძნეს არანაირი დახმარება და ჟიურის სხვა წევრების აზრი არ ჭირდება.

ცვლილება შეეხება პოპულარულ ქართულ სერიალს "ჩემი ცოლის დაქალები," რომელიც მომავალი კვირიდან "ჩემი ცოლის მრევლელების" სახელით გავა ეთერში.

როგორც საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, გუშინდელი გადაწყვეტილება საპატრიარქოს დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით დედა ეკლესიის ფუნქციების გაზრდის გამო იქნა მიღებული. ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, დამატებითი 3 მილიონი ლიცენზიების პრინტვას მოხმარდება.

სოციო-კულტურული მეინსტრიმის მენიჩბე შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ თუ ჩვენ ევროპა გვინდა, მაშინ ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ ვატიკანის მართვის მოდელზე.

კომენტარები