შსს ბექა გოჩიაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

6,100 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 14 იანვარი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა ოფიციალური განცხადება, რომელიც პიანისტი ბექა გოჩიაშვილის დაკითხვას ეხმაურება. ჩიტი უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

"დღეს, 14 იანვარს, ქართველებისათვის უწმინდეს დღეს, როდესაც მთელი ერი ემშვიდობება საახალწლო დღეებს და გადადის მუშაობისა და შრომის განახლებულ ფაზაში, სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენი ტელევიზიის - "რუსთავი 2-ის" საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა ერთ-ერთ საქმეზე დაკითხვისას განახორციელეს ზეწოლა ეგზომ გენიალურ და ვირტუოზ პიანისტზე ბექა გოჩიაშვილზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია აღნიშნული პროვოკაციული ინფორმაციის გავცელებით და თავს ვალდებულად თვლის ნათელი მოჰფინოს სააკაშვილის რეჟიმის ბოლო გაფართხალებას.
ამა წლის 8 იანვარს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა, რომელიც შეზარხოშებული დაბრუნდა საშობაო სუფრიდან, თავის თანამშრომლებთან ერთად ამ წმინდა დღის აღნიშვის გაგრძელება გადაწვყიტა. ლხინისას პოლიციის უფროსმა გასცა ბრძანება, ბავშვის გაღვიძების შესახებ, პიანინოზე დაკვრის მიზნით. გაცემულ ბრძანებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს უმცროსმა ლეიტენანტმა გოცირიძემ და დეტექტივმა ბერიძემ, რის შედეგადაც მათ განყოფილებაში მიიყვანეს ბექა გოჩიაშვილი და გულითადად სთხოვეს, ყველანაირი ზეწოლის გარეშე, პიანინოზე "ჰერიო ბიჭებოს," "თავისუფლება ლომთა ხვედრიას" და "გრიგის აი ის ტუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუუუ"-ს (Concerto A minor) დაკვრა. ბატონმა ბექამ გულისხმიერად შეუსრულა თხოვნა ჩვენს პოლიციელებს, რის შედეგადაც ის სახლში მანქანით მიიყვანეს (აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საჭესთან ფხიზელი სტაჟორი იჯდა).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაუგებარია, თუ რატომ იცრუა ბექა გოჩიაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერით, თითქოს მასზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი. მასთან ერთად ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში იმყოფებოდნენ ელისო ჩაფიძე, რომელიც სოუზის და ხაჭაპურების გასაცხელებლად გააღვიძეს და პირველი არხის თანამშრომლები, რომლებიც დასათვლელად იქნენ გამოძახებულნი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ საზოგადოება არ აჰყვება სააკაშვილის რეჟიმის პროვოკაციებს, რომლებიც პოლიციელთა ღირსების შელახვისკენ არის მიმართული."

განცხადების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე: http://police.ge/gochiashvili.html

სოციო-კულტურული მეინსტრიმის მოცარტის, შალვა რამიშვილის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს იმ ფაქტს რომ ახალი ხელისუფლება კულტურის სფეროს ააღორძინებს.

კომენტარები