"უი, ხო!" - განაცხადეს ქართულ ოცნებაში

10,318 ნახვა 3 სგ
3 სგ

თბილისი, 23 აგვისტო - დღეს მმართველ პარტიას და საქართველოს მთავრობას სიმართლე გაუმხილეს და აუწყეს, რომ უკვე 10 თვეა ისინი იმყოფებიან ქვეყნის სათავეში და "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაშია. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ მოახერხა ხელისუფლებისთვის იმ სიმართლის მიწოდება, რომელსაც ასე საგულდაგულოდ უმალავდა რაღაც ძალა, სავარაუდოდ ნაციონალები, რომლებიც მიუხედავად არჩევნებში დამარცხებისა მაინც ახერხებდნენ ქვეყნის მართვას.

როგორც ჩიტს სანდო საპარლამენტო და საღმასრულებელხელისიუფლებო წყარომ გაანდო, ამბის დაჯერება ხელისუფლებაში ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ მინისტრებმა და დეპუტატებმა ერთხმად განაცხადეს, "უი, ხო, ე!" რის შემდეგადაც ერთმანეთს გადახედეს, ადგილიდან მოწყდნენ და გაურკვეველი მიმართულებით გაიქცნენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილთან გაიქცნენ, რომ ახარონ გამარჯვება, პატრიარქთან - კურთხევის ასაღებად, ხუხაშვილთან - წილების მისატანად თუ უბრალოდ პანიკაში ჩავარდნენ. აღნიშნული დაუდასტურებელი და გაურკვეველი ღონისძიებები პირად კონტროლზე აიყვანა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები