გუგლმა ატლანტიდა ლაზიკით ჩაანაცვლა

6,768 ნახვა 0 სგ
0 სგ

მაუნთინ ვიუ, 7 თებერვალი - კომპანია გუგლმა თავისი პროდუქტიდან Google Earth ატლანტიდის სურათი ამოიღო. ადგილი, რომელიც 2009 წელს აღმოაჩინეს ატლანტიდის მაძიებლებმა დღემდე დიდი განხილვის საგანი იყო, რადგან უცნაური რელიეფური წარმონაქმნი და ნაქალაქარის მსგავსი ნაგებობები იმ ადგილას მდებარეობდა, სადაც სხვადასხვა ლეგენდის მიხედვით შესაძლებელი იყო ატლანტიდის არსებობა.

განძისა და ლეგენდარული ქალაქის მაძიებლები გუგლის გადაწყვეტილებამ შეაშფოთა და ინტერნეტსივრცეში მწვავე დისკუსიები წარმოიშვა. კონსპირაციის თეორიის მოყვარულების აზრით, გუგლის გადაწყვეტილება აშშ-ს მთავრობისა და საიდუმლო სამსახურის ნაკარნახევი იყო, რადგან აღნიშნულ ადგილას მართლაც აღმოაჩინეს ატლანტიდის კვალი. ცივილიზაცია, რომელიც ამ მიდამოებში ცხოვრობდა, იმდენად განვითარებული იყო, რომ მეცნიერებს საფუძვლიანი ეჭვი აქვთ იფიქრინ, რომ ისინი არადედამიწური წარმოშობის იყვნენ და ატლანტიდა კი არ განადგურდა, უბრალოდ მასობრივი მიგრაციის შედეგად დაიცალა. "ატლანტიდოფილების" აზრით, უცხოპლანეტური ტექნოლოგიების დაკონსერვებისა და საკუთარ ლაბორატორიაში გადატანის მიზნით აშშ-ს მთავრობამ და გუგლმა კვალის წაშლა განიზრახეს.

შეთქმულების თეორიის მიმდევრებს აზრს ისიც უმყარებთ, რომ გუგლმა ხელოვნურად ჩაანაცვლა ერთი მითიური ქალაქი მეორეთი და ახლა კოლხეთის დაბლობზე ლაზიკის ხილვა შეიძლება. მოქალაქევი (მომავალი ქალაქი *ავტ. შენ.) 3D ტექნოლოგიებით არის შექმნილი და ნებისმიერ მომხმარებელს აძლევს კორექტირების უფლებას, მათ მიერ არსებული ლეგენდების საფუძველზე. გუგლის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ლაზიკა Google Earth-ის ჰიტი გახდება და ბევრი ადამიანი, რომელსაც არარსებული ქალაქებით გართობა უყვარს, გულს დაუდებს მომავალი ქალაქის მშენებლობას და საკუთარ ოცნებას, საქართველოს მთავრობასთან ერთად, რეალობად აქცევს.

10 თებერვალს, პროგრამის განახლებული ვერსიის გაშვებისას, მიხეილ სააკაშვილის ვირტუალური, 3D ვერსია ლაზიკაში ატლანტიდის მემორიალს გახსნის და პატივს მიაგებს ჩაძირულ ქალაქს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია: "დროა დავივიწყოთ ძველი ატლანტიდა და ერთად ჩავუყაროთ საფუძველი ახალს".

კომენტარები