თბილისი, 28 მაისი - ქართველი მეღვინეები სოფელ დიცში საოკუპაციო საზღვრის გადმოწევას მიესალმებიან. მეღვინეთა ეროვნული ფედერაციის თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი ჩიტთან საუბრისას აცხადებს, რომ მთავარია ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე შევიდეს და რა ხერხებით მოხდება ეს მნიშვნელობა არ აქვს. "თუ ოკუპაციის ხაზი თბილისამდე მოცოცდება, მაშინ ჩვენ აღარ მოგვიწევს ონიშენკოსთვის კმევა, ჩვენ გავხდებით რუსეთის ნაწილი და ჩვენი ღვინო თავისუფლად გაიყიდება ბაზარზე." დასძინა ქართველმა მეღვინემ.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მეღვინეთა ნაწილი თავიანთი საწყობების საოკუპაციო ხაზთან გადატანას გეგმავს. "რამდენიმე მეტრით კიდევ წამოიწევენ და ჩვენც დაჩქარებული წესით შევძლებთ ღვინის გასაღებას. სამწუხაროდ თბილისამდე მოსვლა ჯერ შორეული პერსპექტივაა." აცხადებენ მეღვინეები.
სოფელი დიცში საოკუპაციო ხაზის კიდევ უფრო გადმოწევის დასაჩქარებლად ქართველი მეღვინეები სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავენ. მიმდაბარე ტერიტორიაზე განთავსდება ქართლის დედის მოდერნიზებული ქანდაკებები, რომელთაც ორივე ხელში ღვინით სავსე ფიალა ეჭირებათ. "უქარქაშო ხმლები წარსულს ჩაბარდა, ახლა მშვიდობის, ძმობისა და ერთმორწმუნეობის დროა." - განცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა გუბაზ სანიკიძემ, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების საპატიო თამადად დაინიშნა და ერთგვარი მარკეტინგული ფანდის მიხედვით დიდი ტიკის ფორმაში იქნება გამოწყობილი.
საოკუპაციო საზღვართან კონცერტებს გამართავს ანსამბლი "ერისიონიც," ისინი ყოველდღიურად შეასრულებენ კინტაურს და ამით სხვადასხვა საკითხებში საქართველოს მზაობას გამოხატავენ.