სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქალებს უშვილობაზე შეამოწმებს

3,497 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი, 31 ივლისი - ქალიშვილობის მოწმობის გარდა, რომელსაც სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გასცემს, ქართველი ქალები ნაყოფიერების მოწმობის აღებასაც შეძლებენ. აღნიშნულ სერვისს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნერგავს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ქართველი ქალი ვალდებულია ბოლომდე დაამტკიცოს თავისი ვარგისიანობა და ისე გამოვიდეს ბაზარზე. "ხშირია შემთხვევა, რომ ქალებს ან ვადა აქვთ გასული ან უბრალოდ გაფუჭებულები არიან, რის გამოც დემოგრაფია ზარალდება." - განაცხადეს სამინისტროში.

პროგრამა "ბარბალე," რომელსაც სახელი ნაყოფიერების ქართველი ქალღმერთის საპატივცემულოდ დაერქვა, სექტემბრიდან ამოქმედდება. პროექტში ჩართულები იქნებიან საქართველოს დამსახურებული აგრონომები და ნიადაგმცოდნეები, რომლებიც ქალებს სკურპულოზურად გამოიკველევენ და დაადგენენ, არიან თუ არა საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. კითხვაზე, ჩაუტარდებათ თუ არა იგივე სახის შემოწმება მამაკაცებს, სამინისტროში პასუხობენ, რომ კაცები ისედაც დაჩაგრულები არიან და ისიც ეყოფათ, რომ შეიძლება არაქალიშვილი ან ბერწი დედაკაცი შეეტენოთ.

გარდა შემოწმებებისა და ლიცენზიის გაცემისა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქართველ მომხმარებლებს, განსაკუთრებით კი მომავალი გოგონების დედებს რჩევებსაც მისცემს მათი მომავალი შვილის უნაყოფობის თავიდან ასაცილებლად.
"თუ თქვენი ქმარი ნამდვილი ქართველი მამაკაცი არაა და გოგოზე აბორტი არ გაგაკეთებინათ, მაშინ მოგიწევთ ბევრი შრომა!" - ასეთი შესავალი აქვს ბროშურას სახელით "შეყავი და იბატონე." საინფორმაციო ბუკლეტი მშობლებს ორსულობისას ნიტრატებისა და სასუქების მიღებას ურჩევს, ხოლო დაბადების შემდეგ გოგონა აუცილებლად უნდა შეინახოთ სველ და გრილ ადგილას. "კარგი იქნება თუ თქვენს გოგონას მზეზე ხშირად გაფენთ, რათა ფოტოსინთეზმა ხელი შეუწყოს მის ნაყოფიერებას." - ვკითხულობთ რჩევებში. პროგრამაში ჩართვა, რჩევების მიღება და მოწმობის აღება სექტემბრიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში იქნება შესაძლებელი. პროგრამის ფარგლებში ასევე იგეგმება ვაუჩერების გაცემაც, რომელიც ნაყოფიერ წყვილებს თაფლობის თვეს დაუფინანსებს.

უშვილო ქალების ფართს კი სავარაუდოდ მერია აითვისებს და სარეკრეაციო ზონების ნაცვლად რესტორნებს ამიერიდან იქ ააშენებენ.

როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, ქართველი ქალის დაფასებისა და ხარისხის აწევისთვის ბრძოლაში მალე პარლამენტიც ჩაერთვება და ქართული საშოს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მითხოვება აიკრძალება.

კომენტარები