დათო მარსაგიშვილი "პადზემკაში" გაიგდეს

23,704 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი, 24 ივლისი - დღეს, ვარჯიშზე მიმავალი ცნობილი ქართველი მოჭიდავე დათო მარსაგიშვილი სკოლის მოსწავლე გოგონებმა "პადზემკაში" შეაყენეს და გაიგდეს. როგორც თვითმხილველები იუწყებიან, შელაპარაკება დაპირისპირებულ მხარეებს შორის ქალთა და მამაკაცთა თანასწოროუფლებიანობაზე წამოიჭრა. "ეს ბიჭი მიდიოდა და უცებ ვიღაც გოგომ გააჩერა და რაღაც შეკითხვების დასმა დაუწყო, ამანაც პასუხი გასცა, რის შემდეგაც ერთერთმა გოგომ "პადკატი" გაუკეთა და პირდაპირ ბეჭებზე დადო, ხოლო მეორემ სულ ვარდისფერი ჩანთა ურტყა სახეში, რომელსაც დიდი ასოებით "ემანსიპაცია" ეწერა." აცხადებს თვითმხილველი ციალა გ.

როგორც ჩიტს მარსაგიშვილთან დაახლოებულმა პირმა აცნობა, სპორტსმენს გოგონებმა პროვოკაციული შეკითხვები დაუსვეს, "ეკითხებოდნენ ქალებს პატივს სცემდა თუ არა." როგორც ჩანს, მარსაგიშვილის პასუხებმა სკოლის მოსწავლეებში პროტესტის გრძნობა გამოიწვა და მათაც ძალადობრივ ხერხს მიმართეს. თავდამსხმელებმა მარსაგიშვილს ჯერ ყანწითა და ფიალით მანდილოსნების სადღეგრძელო შეასვეს, შემდეგ სასმისები ხელიდან გამოსტაცეს და თავზე გადაალეწეს. შემცბარ მოჭიდავეს გონზე მოსვლა არ აცადა კულინარით გატაცებულმა გოგონამ, რომელმაც ჩანთიდან ფქვილიანი ცომის გასაბრტყელებელი ამოიღო და მარსაგიშვილს კბილებში მისცა.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გოგონებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ, რადგან მათ გადათელეს ქართველი კაცი. "ტაბურეტკის გარდა სხვა იარაღის გამოყენება ჯერ-ჯერობით დაუშვებელია და კვალიფიცირდება მძიმე დანაშაულად." განაცხადეს შსს-ში. სამინისტროს პრეს-სპიკერის, ნინო გიორგობიანის, განცხადებით, ვიდრე მამაოები არ გამოიყენებენ ყანწებს, ფიალებს და ცომის გასაბრტყელებლებს, მანამდე ამ ნივთების გამოყენება 100 ლარიანი ჯარიმით ვერ შემოიფარგლება.

კომენტარები